ანსამბლ “დიდგორის” კონცერტი ფოლკლორის ცენტრის ბაღში 29 ივლისს გაიმართება

#გაატარეზაფხულისაქართველოში კამპანიის ფარგლებში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაღში 29 ივლისს, 20:00 საათზე ანსამბლ “დიდგორის” კონცერტი გაიმართება.
რეპერტუარის ძირითადი წყარო ძველი საარქივო ჩანაწერებია. “დიდგორი” გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული ინდივიდურობითა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით.
როგორც “კვირას” ანსამბლ “დიდგორიდან” აცნობეს, ღონისძიებებზე, ქართული სასიმღერო ფოლკლორის ნიმუშებთან ერთად, მსმენელები გაეცნობიან ვიდეო- და ფოტოკოლაჟებს საქართველოს ტურისტული რესურსის შესახებ.
მგალობელ-მომღერალთაგუნდი “დიდგორი” 2004 წელს შეიქმნა. ანსამბლი სულ ახლახან დაბრუნდა კანადიდან, სადაც 25-დღიანი დატვირთული ტურნე გამართა. მოგზაურობის დასასრულს კი ოტავაში, კანადის პარლამეტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარადგინა ქართული მრავალხმიანობა. დიდგორს გამოცემული აქვს სამი აუდიოალბომი. წელს “დიდგორი” 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ფოლკლორის ცენტრის სტუმრებს საშუალება ექნებათ, ცენტრის გალერეაში ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონანტები, ნაქარგობები, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსისა და თექის ნიმუშები დაათვალიერონ. ასევე, წარმოდგენილია ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას გამოფენა – “ეს ჩემი საქართველოა”. ფოლკლორის ცენტრის ეზოში კონცერტები და გამოფენები 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
​ღონისძიების მხარდამჭერია: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი, მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი და რესტორანი “ეკო გარდენი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები