ამირან გიგუაშვილი: ვეთანხმები პრემიერს, მარიხუანის ლეგალიზაციაზე საუბარი უპასუხისმგებლობაა

   ადვოკატი ამირან გიგუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია არ მოხდება, დადებითად აფასებს. გიგუაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსები, იურისტები და საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ თემით მანიპულირებენ, უპასუხისმგებლოდ იქცევიან.
„ჩვენ შეიძლება გადავხედოთ არსებულ კანონმდებლობას, რომელიც ამ კუთხით ნამდვილად ზედმეტად მკაცრია, მაგრამ საუბრები მარიხუანის სრულ დეკრიმინალიზაციაზე, მით უფრო ლეგალიზაციაზე უპასუხისმგებლობა და დემაგოგიაა. როდესაც აცხადებენ, რომ ნარკოტიკების მოხმარება არ უნდა იყოს დასჯადი, ხოლო რეალიზატორები უნდა დაისაჯონ, ეს არის სრული აბსურდი. მოთხოვნა წარმოშობს მიწოდებას და, შესაბამისად, ამით მივიღებთ მხოლოდ იმ ეფექტს, რომ გაიზრდება არალეგალური გასაღების წერტილებისა და გამსაღებლების რაოდენობა, რაც თავისთავად უარყოფითად აისახება კრიმინოგენულ ვითარებაზე. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მარიხუანა ლეგალურ ბრუნვაშია, ჯერ კიდევ დიდი კამათი მიმდინარეობს, რამდენად მიზანშეწონილად იქცევა სახელმწიფო. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ არა იმაზე, რომ ყველას მივცეთ ნარკოტიკების მოხმარების საშუალება, არამედ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ ავაშენოთ ისეთი სამართლებრივი სახელმწიფო და ჯანსაღი საზოგადოება, სადაც ადამიანებს ნარკოტიკების მოხმარების და რეალობისგან გაქცევის სურვილის ნაცვლად, განათლების მიღებისა და ღირსეული დასაქმების პერსპექტივა ექნებათ“, – აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები