„ახალგაზრდა ადვოკატები“: სასამართლო “ფრესკოს” საქმეზე თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს, ლევან ჟორჟოლიანს დაკითხავს

თბილისის საქალაქო სასამართლო თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს, ლევან ჟორჟოლიანს დაკითხავს.
სასამართლომ გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით 2019 წლის 25 ივლისის სხდომაზე მიიღო, რითაც დაკმაყოფილდა კომპანია „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ წარმომადგენლების შუამდგომლობა.
როგორც “კვირას” “ახალგაზრდა ადვოკატებიდან” აცნობეს, სასამართლოს კითხვები ლევან ჟორჟოლიანის მიმართ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდში კომპანია „ფრესკოს“ შემოწმების ფაქტს შეეხება. დადგენილია, რომ 2017 წლის 8 თებერვალს კომპანია „ფრესკოში“ არაგეგმური შემოწმება ჩატარდა, რომლის მიზანს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შესაძლო ნიშნების გამოვლენა წარმოადგენდა.
“თბილისის საქალაქო სასამართლო 2017 წლიდან განიხილავს შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ სარჩელს გიორგი ლაბაძის მიმართ. დავის საგანს წარმოადგენს საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, ცილისწამების შემცვლელი, ცრუ ინფორმაციის უარყოფა. კერძოდ, კომპანიის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს გიორგი ლაბაძემ „ფეისბუქის“ კუთვნილ გვერდზე: „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ უარყოს 2017 წლის 7 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით გახმაურებული ცნობები კომპანიაში შრომითი უფლებების დარღვევის თაობაზე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა: „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებით“ გამოქვეყნებული წერილების ნამდვილობა, მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება და კომპანიის მხრიდან სარჩელის წარმოებისთვის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის ანაზღაურება.
​სასამართლოში გიორგი ლაბაძის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატები“ იცავს, რომელმაც კომპანიასთან დავის რაიმე ფორმით მორიგების შესაძლებლობა გამორიცხა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია, ვინაიდან არცერთი სადავო გამონათქვამი, რომელის უარყოფასაც კომპანია მოითხოვს, არ ეკუთვნის გიორგი ლაბაძეს. სოციალურ გვერდზეც კომპანიის მიმართ გავრცელებული ყველა შეხედულება წარმოადგენდა კომპანიის მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლების აზრს, რაც ტექსტის გავრცელების დროს საზოგადოებისთვის გიორგი ლაბაძემ იმთავითვე ცნობილი გახადა. ამასთან, გიორგი ლაბაძემ ტელეკომპანიის ეთერით გაახმოვანა მხოლოდ კომპანიის თანამშრომლების მიერ მიწოდებული განცხადებები და მოსაზრებები. შესაბამისად, მხარეს მიაჩნია, რომ მოქმედებდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და კომპანიის მოთხოვნები დაუსაბუთებელია”, – ნათქვამია “ახალგაზრდა ადვოკატების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისათვის, შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 13 მარტს დარეგისტრირდა, რომელსაც, ამჟამად, მოსამართლე ქეთევან კუჭავა განიხილავს. გიორგი ლაბაძე, ამჟამად, „ახალგაზრდა ადვოკატების“ წევრია და, შესაბამისად, მის ინტერესებს ორგანიზაცია დაიცავს. მომდევნო სხდომა 2019 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხება ლევან ჟორჟოლიანიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები