რუსეთი უკრაინას დაკავებულ მეზღვაურებს გადასცემს – საჭირო დოკუმენტების მომზადება მიმდინარეობს

უკრაინის ომბუდსმენის, ლიუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსეთის მიერ დაკავებულ მეზღვაურებს ათავისუფლებენ, ამჟამად კი საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.
მისი თქმით, შეთანხმება მიღწეულია, რასაც, ასევე, ამყარებს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის შეთანხმება.
„ვფიქრობ, უახლოეს დროში მეზღვაურებს სამშობლოში შევხდებით“, – განაცხადა დენისოვამ.
ამასთან, მეზღვაურების ადვოკატმა, ნიკოლაი პოლოზოვმა მედიას განუცხადა, რომ „ვიცი, მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა პრაქტიკული ნაწილის შესრულება როდის დაიწყება – არ ვიცი იმიტომ, რომ არ ვმონაწილეობ მოლაპარაკებაში“, – აღნიშნა ადვოკატმა.
რუსეთმა 24 უკრაინელი მეზღვაური და სამი გემი 2018 წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში დააკავა. მათ ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებათ.
კიევში კი აცხადებენ, რომ დაკავებული მეზღვაურები სამხედრო ტყვეები არიან. ანალოგიური დასკვნა მაისში საზღვაო სამართლის გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალმა გამოიტანა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საარჩევნო კამპანიის დროს პირობას დებდა, რომ მეზღვაურებს სამშობლოში აუცილებლად დააბრუნებდა. 11 ივლისს ზელენსკისა და პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროს განხილვის ერთ-ერთი საგანი მეზღვაურების საკითხი იყო.
მანამდე, ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა, რომ მოსკოვი და კიევი ერთი თვის ვადაში მეზღვაურების გარკვეულ რაოდენობას გაცვლიან.
16 ივლისს რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენებმა ორი ქვეყნის საპატიმროებში მყოფი რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების სიები გაცვალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები