ფხენიანმა რუსული გემი დააკავა
ჩრდილოეთ კორეელმა მესაზღვრეებმა რუსული ხომალდი „სიანხაილინ-8“ დააკავეს, რომელიც კომპანია „ჩრდილო-აღმოსავლეთის თევზჭერის კომპანიას“ ეკუთვნის. ხომალდი ვონსანის პორტშია გადაყვანილი.
ამის შესახებ მედიას კომპანიის დირექტორის მოადგილემ, სერგეი სედლერმა განუცხადა.
მისი თქმით, ხომალდი ჯერ კიდევ 17 ივლისს, გამთენიისას დააკავეს, თუმცა ამ დრომდე არ დამყარებულა მეზღვაურებთან კონტაქტი, რადგან ხომალდზე კომუნიკაციის ყველა საშუალება გამორთეს.
სედლერმა აღნიშნა, რომ ფხენიანში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებმა მხოლოდ გუშინ მოახერხეს ხომალდზე მოხვედრა. მეზღვაურებს ნაპირზე არ უშვებენ.
გარდა ამისა, სედლერის თქმით, გემზე უჰაერობაა და ჯერ უცნობია, როდის დაინიშნება სასამართლო.
რა გახდა გემის დაკავების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.