შალვა თადუმაძე: ომბუდსმენი არ არის ის პირი, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლეგიტიმურობა უნდა შეაფასოს

„ომბუდსმენი არ არის ის პირი, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლეგიტიმურობა უნდა შეაფასოს“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე.

კითხვაზე: სერიოზული დარღვევების ფონზე არჩეული მოსამართლე რამდენად შეიძლება ლეგიტიმურად მივიჩნიოთ, თადუმაძემ განმარტა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ლეგიტიმაციის საკითხი ომბუდსმენის შესაფასებელი არ არის.

სახალხო დამცველის ანგარიშში იკვეთება, რომ იუსტიციის საბჭომ დარღვევებით ჩაატარა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურები.

„ვფიქრობ, რომ 50-ეულშიც, 20-შიც და უზენაეს სასამართლოშიც სამართლიანად მოვხვდები.

ომბუდსმენის დასკვნაში ვერ წავიკითხე, რომელი ადამიანის რა უფლება დაირღვა, ეს ერთი. გარწმუნებთ, რომ კარგად ვიცი მათემატიკა და მათ შორის ფარდობითობის თეორიაც და ორი მოსამართლის, ან ოთხის, აზრი რომ დაემთხვას ერთმანეთს, ალბათობა არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემთან მიმართებაში საპროკურორო საბჭოს 11 წევრის გადაწყვეტილება დაემთხვა, პარლამენტში კი 101 წევრის პოზიცია დაემთხვა ჩემი მთავარ პროკურორად არჩევისას. და აქვე გეტყვით, რომ მაქვს ამბიცია, 15-ვე მოსამართლის აზრი დაემთხვას აქ და 76 დეპუტატის პარლამენტში ჩემი მოსამართლედ არჩევისას“. – აღნიშნა თადუმაძემ.

თადუმაძემ ამ საკითხში ომბუდსმენის უფლებამოსილებაზეც ისაუბრა.

„საერთოდ, არ მიმაჩნია ომბუდსმენი იმ უფლებამოსილ პირად, რომელმაც შეიძლება შეაფასოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ლეგიტიმაცია. უზენაესი სასამართლო არის ხელისუფლება, უფრო გარანტირებული,უფრო დიდი თავი ეთმობა კონსტიტუციაში, და მისი როლი უფრო მაღალია, ვიდრე ომბუდსმენისა. და საერთოდაც, მგონია, რომ მე უნდა გავხედე უზენაესის მოსამართლე, იმიტომ რომ ჩემი კვალიფიკაცია, გამოცდილება, პრინციპულობა და დამოუკიდებლობა ამის შესაძლებლობას მაძლევს. ომბუდსმენი რას ფიქრობს, ან მათემატიკოსი, რომელმაც ფარდობითობის თეორია კარგად იცის, არ მაინტერესებს“. – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები