რევაზ სოხაძე: ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც განაშენიანდება, მზიურის ტერიტორია არ არის

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძემ განმარტება გააკეთა ილია ჭავჭავაძის გამზირთან, მზიურის სიახლოვეს მდებარე მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ. მისი განცხადებით, არასწორია აქცენტის იმაზე გაკეთება, რომ ეს არის მზიურის ტერიტორია.
„მზიურის ხსენება ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით არ არის სწორი. რაც შეეხება განხილვებს ამ საკითხზე – ეს განხილვები უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს, გენერალური გეგმის საჯარო განხილვებზეც გვქონდა ამაზე მსჯელობა, ამიტომ საკითხის გადადებასა და ნაჩქარევად მიღებაზე ოპონენტების განცხადებები უსაფუძვლობა. ურბანული სამსახური თვეების განმავლობაში მუშაობდა დამკვეთთან, რომ შესაძლებლობის ფარგლებში გაკეთილშობილებულიყო განაშენიანების რეგულირების გეგმა“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისი ინფორმაციით, 1997 წელს, როდესაც ეს მიწა რაგბის კავშირს გადაეცა, დაიწყო იქ გარკვეული სამუშაოები, თუმცა ბოლომდე არ მივიდა. 2009 წელს კი ეს მიწის ნაკვეთი გაიყო და, პრეზიდენტის მაშინდელი განკარგულებით, რაგბის კავშირს ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გადაეცა 12 ათასი კვ მიწის ნაკვეთი, მათ შორის ნაწილი მოუნაცვლდა გლდანში, სადაც დეველოპერული პროექტები განვითარდა.
“მე, როგორც რიგით მოქალაქეს, პრეტენზიები უფრო რაგბის კავშირთან მაქვს, ვიდრე მუნიციპალიტეტთან. მიმაჩნია, რომ სპორტულმა საზოგადოებებმა თუ ფედერაციებმა, რომლებსაც გადაეცათ ტერიტორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა განავითარონ“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
საკრებულოს წევრის თქმით, საქალაქო სამსახურებმა ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმატებული გადაწყვეტილება მიიღეს.
„ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც დედაქალაქის ურბანული განვითარების თვალსაზრისით სწორია”, – დასძინა რევაზ სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები