ვანო ზარდიაშვილი: ნოდარ მელაძემ, პრინციპში, დაადასტურა, აღიარა, რომ მისი წყარო იყო ეკა ბესელია

“ნოდარ მელაძემ, პრინციპში, დაადასტურა, აღიარა, რომ მისი წყარო იყო ეკა ბესელია. შესაბამისად, ჩემი წყაროს ინფორმაცია იყო ზუსტად და მადლობა ნოდარ მელაძეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.
„დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ ნოდარ მელაძეს. მან, პრინციპში, დაადასტურა, რომ მისი წყარო იყო ეკა ბესელია. მისი კომენტარიდან მე ამოვიკითხე ეს. ოღონდ მან საიდან მოიტანა, რომ მოსმენებით მოხდა ამის დადგენა, ეს არის ისევ “რუსთავი 2-ის” ნარატივი. მე გეტყვი, საიდან მოხდა ამ ფაქტების დადგენა. ეს იყო ჩემი დაკვირვება, როდესაც მხოლოდ ის ინფორმაციები ჟონავდა უმრავლესობიდან, რომელიც ეკა ბესელიას აწყობდა და არ შედიოდა სხვა არავის ინტერესში. ხოლო არ ჟონავდა ისეთი ინფორმაციები, რომელიც ეკა ბესელიასთან მიმართებით კორუფციულ ბრალდებას ეხებოდა. ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იყო, რომ ამის დაკვირვების საშუალება გვქონოდა. ასევე, გაგიმხელთ, რომ მათ შორის ჩემი წყარო იყო “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ. ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ნოდარ მელაძემ აღიარა, რომ მისი წყარო იყო ეკა ბესელია. შესაბამისად, ჩემი წყაროს ინფორმაცია იყო ზუსტად და მადლობა ნოდარ მელაძეს. მე მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარებოდა. ყოჩაღ მას. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ჰყავდა წყაროდ, რომელსაც, როგორც ჩანს, ხშირად აწვდიდა ინფორმაციებს“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” წევრი, ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ ეკა ბესელია ე.წ. ვირთხაა, რომელსაც უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია გაჰქონდა და “რუსთავი 2-ს”, კერძოდ კი ნოდარ მელაძეს აწვდიდა.
მოგვიანებით კი ნოდარ მელაძემ შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა. ​
“დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თქმით, ჩემი, “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის წყარო იყო ეკა ბესელია, რომელიც ახდენდა ჩემს ინფორმირებას იმ სკანდალურ თემებთან დაკავშირებით, რომელიც “კურიერისთვის” მომზადდა, მათ შორის – “ქართული ოცნების” დეპუტატების ბიზნესინტერესებსა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე.
ამ ინტერვიუთი დგინდება.
1.ჩემი, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსის საქმიანობის გამო, მმართველი პარტია ახორციელებს ჩემს უკანონო ფარულ მიყურადებას იმის დასადგენად, თუ საიდან ხდება ინფორმაციის მოპოვება.
2. იმის გამო, რომ ჩემი სატელეფონო მოსმენების ან სხვა სახის ფარული მიყურადების შესახებ ვერ იქნებოდა გაცემული სასამართლოს სანქცია იმიტომ, რომ არასდროს!!! ჩემი სახელი არ ფიგურირებდა არცერთ სისხლის სამართლის საქმეში, ხდება უკანონო ფარული მიყურადება.
3. ფარული მოსმენას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შესაბამისად, დგინდება, რომ სუს-ი მისმენს უკანონოდ და საუბრის შინაარსის შესახებ ხდება მმართველი პარტიის დეპუტატების ინფორმირება.
მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, დეპუტატის განცხადებაზე, რომელმაც დღეს, პრაქტიკულად, აღიარა.
“რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის ფარული მიყურადების ფაქტი. პ.ს. ანუ ეთერში 100 % სიზუსტით ვყვებოდით ყველაფერს რომ ამტკიცებდით იგონებთო”, – წერს მელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები