თამარ მახარობლიძე: თუ აღმოჩნდა, რომ ხელმოწერა არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და გაარკვიოს, ხომ არ არის თაღლითობის ნიშნები

„თუ აღმოჩნდა, რომ ხელმოწერა არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და გაარკვიოს, ხომ არ არის თაღლითობის ნიშნები“, – ამის შესახებ სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საინტერესოა, რა სახსრებით შეიძინა ირაკლი ოქრუაშვილმა ეს ქონება, რა არის იმ თანხების წარმომავლობა, რაც, როგორც ოქრუაშვილი აღნიშნავს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წილის შესაძენად გადაიხადა.
„თუ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ხელმოწერა არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს, ეს საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ გამოძიება დაინტერესდეს ამ საკითხით და გაარკვიოს, ხომ არ არის დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები, მაგალითად, თაღლითობის ნიშნები. თუ ეს ხელმოწერა არ არის ქიბარ ხალვაშის, მაშინ ვისი ხელმოწერაა? ვინ გააყალბა ეს დოკუმენტი? იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ ეს ხელმოწერა ნამდვილად ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს, ესეც არის გამოძიების დაწყების საფუძველი – ხომ არ გვაქვს აქ სხვა დანაშაულის ნიშნები, მაგალითად, ისეთის, როგორიც არის ფულის გათეთრება. რა სახსრებით შეიძინა ირაკლი ოქრუაშვილმა ეს ქონება, რა არის ამ თანხების წარმომავლობა“, – განაცხადა თამარ მახარობლიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს „რუსთავი 2-ის“ წილების დაყადაღებაზე უარი უთხრა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირწმუნება, რომ წლების წინათ ქიბარ ხალვაშის სახელით ტელეკომპანიის წილი მან იყიდა, რაშიც მილიონ 200 ათასი დოლარი გადაიხადა. კითხვას: როგორ მოახერხა ამ თანხის გადახდა? თავდაცვის ყოფილი მინისტრი თავს არიდებს. ამავდროულად, გენერალურ პროკურატურაში კიდევ ერთი განაცხადი შევიდა – ხალვაში-ოქრუაშვილის წინააღმდეგ. „რუსთავი 2-ის“ მფლობელი ამბობს, რომ გაყალბებული ხელმოწერით თავდაცვის ყოფილი მინისტრი სხვისი ქონების მითვისებას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები