“ამდენი ხნის განმავლობაში მას ბრალი რატომ არ ჰქონდა წარდგენილი?“ – ბესელია შსს-ს განცხადებას ეხმაურება

0

“მე ახალი არაფერი მომისმენია. ვიცოდი ამ პატიმრის შესახებ და კიდევ ვსვამ კითხვას, ამდენი ხნის განმავლობაში მას ბრალი რატომ არ ჰქონდა წარდგენილი”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი, ეკა ბესელია შსს-ში დღეს გაკეთებულ განცხადებას.
მისი შეფასებით, ცოტა მეტი სერიოზულობა მართებთ საგამოძიებო უწყებებს ამ საქმის მიმართ, “ვიდრე მსგავსი სატყუარების” გადმოგდება.
“მახსოვს ინტერვიუ სწორედ ამ პატიმართან, რომელიც ძალიან უცნაურ რაღაცებს ამბობდა. მე არ ვიმეორებ იმ ფრაზებს, რასაც ასახელებდა და ვისაც ასახელებდა. მაშინ ეს არავინ მიიჩნია სერიოზულად და აქამდე რატომ არ იყო ბრალი წარდგენილი ამ ადამიანისთვის?! და მეორე – როცა მე საგამოძიებო მასალებს გავეცანი, ვიკითხე, იყო თუ არა ეს ადამიანი დაკითხული და მითხრეს, რომ ელოდებოდნენ სომხეთიდან მასალებს და, ასევე, მითხრეს, რომ ჩვენი გამომძიებელი არ შეუშვეს და მას არ მისცეს უფლება, დაეკითხა ეს პატიმარი და ეს ფაქტიც, ასევე, უცნაურია. ბოლოს რამდენიმე დღის წინ ისევ გადავამოწმე, იყო თუ არა სომხეთიდან რაიმე ინფორმაცია ამ პატიმართან დაკავშირებით და პროკურატურამ მითხრა, რომ ეს პატიმარი ჩვენებას არ იძლეოდა და მთავარი კითხვა დავსვი, იყო თუ არა ის პირველწყარო, საიდანაც მოხდა ამ უკანონო ქმედების განხორციელება, რაზეც მითხრეს, რომ ეს პატიმარი არ იყო პორველწყარო და ვერ ადგენდნენ პირველწყაროს და ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, იძლევა საფუძველს, რომ ეს ყველაფერი სერიოზულად მივიღო. კი ბატონო, მაჩვენონ მტკიცებულებები და დაადასტურონ, რომ პირველწყარო ის იყო. ახალი არაფერი მომისმენია. ვიცოდი ამ პატიმრის შესახებ და კიდევ ვსვამ კითხვას, ამდენი ხნის განმავლობაში მას ბრალი რატომ არ ჰქონდა წარდგენილი?“, – განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა კაცი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი