პირველწყარო და მიმოწერა ცნობილია – ვინ გაავრცელა დეპუტატის პირადი ცხოვრების კადრები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების პირველწყარო გამოავლინა და ორი პირი დაუსწრებლად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ბრალდებულთა ვინაობა არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა, როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, ესენი არიან – რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ეროვნებით ქართველი – მზია დოლბაძე და სომხეთის ციხეში მკვლელობის ბრალდებით მყოფი – დიმიტრი ანდრეევი.
საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სომეხი სამართალდამცველების დახმარებით, სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამოღებულია დიმიტრი ანდრეევის მობილური ტელეფონი. კომპლექსური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ სწორედ ამ მოწყობილობიდან იქნა გავრცელებული ვიდეომასალა, რომელიც დიმიტრი ანდრეევს სომხეთის ციხეში facebook-ის მესინჯერის საშუალებით რუსეთის მოქალაქე მზია დოლბაძემ გადაუგზავნა.
გამოძიებით, ასევე, დადგენილია, რომ კადრები ფარულად უკანონოდ გადაღებულია 2012 წლის მაისის თვეში, რისთვისაც 2016 წელს გასამართლებულები არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.
დიმიტრი ანდრეევსა და მზია დოლბაძეს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.
მზია დოლბაძის ინტერესების დამცველი, დალი ბარბაქაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე წლებია, რუსეთში ცოხვრობს და იქ გარკვეულ ბიზნესსაქმიანობას ეწევა.
ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალებით აღნიშნული ვიდეო დიმიტრი ანდრეევს მზია დოლბაძემ რუსეთიდან გადაიგზავნა.
„მზია წარმოშობით ქართველია, მაგრამ რუსეთის მოქალაქეა. საქმის მასალებში დევს მიმოწერა, რომ – აბა მიდი გამოუშვი ვიდეო, კარგად გავერთოებითო. ვერ გეტყვით, რამდენად პოლიტიკური მოტივები შეიძლებოდა ჰქონოდა ვინმეს, მაგრამ ნუ ეს ადამიანი თვითონ სოციალურ ქსელში არ მალავს მის პოლიტიკურ სიმპატიებს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. კომენტარებსაც ტოვებს მათთან, მაგრამ რამდენად კავშირშია ეს ყველაფერი, რთული სათქმელია“, – ამბობს ადვოკატი.
მიმოწერაში, რომლის შესახებაც მზია დოლბაძის ადვოკატი საუბრობს, ვკითხულობთ, რომ ეს კადრები თავად დოლბაძეს ავსტრიიდან გამოუგზავნეს, თუმცა ვინ, ამას უკვე არ აკონკრეტებს.
რაც შეეხება დიმიტრი ანდრეევს, როგორც გავარკვიეთ მისი სახელი სომხეთში სასტიკი მეთოდებით ჩადენილ ჯგუფურ მკვლელობას უკავშირდება. ამ ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული მისი მეუღლე – სოფიო ანდრეევიც.
სოფიო და დიმიტრი ანდრეევები სომხეთის ტერიტორიაზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2018 წლის 31 მაისს მისცეს. ამასთან, უკრაინიდან სომხეთში ექსტრადირებული იქნა თანამზრახველობის ბრალდებით ძებნილი შოთა მაღლაკელიძეც, რომელსაც მოგვიანებით ბრალი გადაუკვალიფიცირდა დანასაულის შეუტყობინებლობის მუხლზე და ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გათავისუფლდა. თავად ცოლ-ქმარ ანდრეევებს კი პირიქით, ბრალი დაუმძიმდათ და მათ ახლა უკვე ორი, ან მეტი პირის მკვლელობას ედავებიან.
სომხეთში მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ ანდრეევებმა და მათთან სტუმრად მყოფმა მაღლაკელიძემ გაიცნეს სომეხი ტაქსის მძღოლი, რომელიც მათ რამდენიმე დღე შეღავათიან ფასებში ემსახურებოდა თავისი მანქანით. ერთ-ერთ შეხვედრაზე სასურსათო მაღაზიიდან იყიდეს საჭმელი და სპირტიანი სასმელი, ჩავიდნენ სევანის ტბასთან, მოფარებულ ადგილას, სადაც ერთმანეთში მოუხდათ ფიზიკური დაპირისპირება. ტაქსის მძღოლი ანდრეევებმა მოკლეს ქვის ლოდის თავში ჩარტყმით.
ამ ფაქტმა გამოძიება კიდევ ერთ მკვლელობაზე გაიყვანა… კერძოდ, ერევანში საკუთარ ბინაში ნახეს ხანში შესული ქალბატონის გვამი. ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ გვამს ეტყობოდა ძალადობის ნიშნები ყელის არეში. მოწმეების გამოკითხვით გაირკვა, რომ ქალბატონის გარდაცვალებამდე ხშირად სტუმრობდნენ ცოლ-ქმარი ანდრეევები.
წყარო: https://primetime.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები