სასჯელაღსრულების დაწებულებებში საარჩევნო პროცესების განხორციელების თემაზე ტრენინგი ჩატარდა
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საარჩევნო პროცესების განხორციელების თემაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში დღეს ტრენინგი ჩატარდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყო იმ პირების გადამზადება, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ საარჩევნო პროცესს და ასევე იმ თანამშრომელთა, კერძოდ დაწესებულებების დირექტორების მოადგილეებისა და სისტემის სხვა თანამშრომლების სწავლება, რომლებიც განახორციელებენ მოცემულ პროცედურებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
მათივე ინფორმაციით, ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საარჩევნო პროცესში ჩართულ თანამშრომელთა მაქსიმალური ინფორმირება და მომზადება არჩევნების პროცესის სწორად და კვალიფიციურად წარმართვის საკითხებში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პატიმართა საარჩევნო უფლების რეალიზებას და მათ ეფექტურ ჩართულობას საარჩევნო პროცესში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრსა და ცესკოს სწავლების ცენტრს, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უკვე აქვთ აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის გამოცდილება. ტრენინგის გახსნას სასწავლო ცენტრში დაესწრენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი. ტრენინგს გაუძღვნენ: ცესკოს სასწავლო ცენტრის ტრენერები ნათია იოსელიანი და მაია ზარიძე, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი ინსპექტორი გიორგი ბებიაშვილი.