გახდება თუ არა ბორის ჯონსონი ბრიტანეთის ახალი პრემიერი – გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი
ბრიტანეთში დღეს კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერს დაასახელებენ, რომელიც, ასევე, ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდება.
თანამდებობაზე წარდგენილია ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ლონდონის ყოფილი მერი – ბორის ჯონსონი, ასევე, საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი – ჯერემი ხანტი.
კენჭისყრა კონსერვატიული პარტიის 160 ათას წევრს შორის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 22 ივლისს დასრულდა, შედეგი კი დღეს გამოცხადდება.
ექსპერტების პროგნოზით, ქვეყნის ახალი პრემიერი სწორედ ბორის ჯონსონი გახდება, რომელსაც, ბოლო გამოკითხვებით, 70% უჭერდა მხარს.
გამარჯვებული მოვალეობის შესრულებას 24 ივლისს შეუდგება.
ტერეზა მეიმ პრემიერმინისტრის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-თან დაკავშირებით მის მიერ წარდგენილი გეგმის რატიფიცირება ვერ მოახდინა.
ბორის ჯონსონმა კი, თავის დროზე, თანამდებობა სწორედ მეის გეგმების გამო 2018 წელს დატოვა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, შიდაპარტიული კამპანიის დროს, ჯონსონი პირობას დებდა, რომ ბრიტანეთს ევროკავშირიდან 31 ოქტომბერს გაიყვანს, იქნება ეს შეთანხმების საფუძველზე თუ მის გარეშე.
რაც შეეხება ჯერემი ხანტს – ის საკითხთან მიმართებით შედარებით რბილ პოზიციას იკავებს, თუმცა ისიც აცხადებს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.