პორტუგალიაში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, დაშავებულთა რაოდენობა იზრდება
პორტუგალიაში, ლისაბონთან ახლოს ტყის მასშტაბური ხანძრის ჩაქრობაში 1000-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. ხანძარი უკვე მესამე დღეა, მძვინვარებს.
AP-ს ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის 90%-ის კონტროლზე აყვანა მოხერხდა, ადგილობრივი ხელისუფლება დღის ბოლოსთვის ქარის სიჩქარის გაძლიერებასა და ჰაერის ტემპერატურის მატებას ელოდება.
პორტუგალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ხანძარს 321 ავტომობილი და 8 ვერტმფრენი ებრძვის.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე პორტუგალიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი მოხდა, რომელმაც 100 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.