„ირანის რეჟიმს სიცრუის გრძელი ისტორია აქვს“ – პომპეო ირანის მიერ ჯაშუშობაში ბრალდებული 17 პირის საქმეზე
“ირანის რეჟიმს სიცრუის გრძელი ისტორია აქვს”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო თეირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 17 პირის გამოვლენის შესახებ, რომლებიც აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი.
„ირანის რეჟიმს სიცრუის გრძელი ისტორია აქვს. ეჭვით აღვიქვამდი ირანის ქმედების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას“, – განუცხადა სახელმწიფო მდივანმა Fox News Channel-ს.
პომპეომ კონკრეტულ შემთხვევაზე საუბარი არ ისურვა, თუმცა დასძინა, რომ: “ამერიკელების ვრცელ სიაზე ვმუშაობთ იმისთვის, რომ ისინი ირანის ისლამური რესპუბლიკიდან სახლში დავაბრუნოთ“.
ირანის სასამართლომ 17 მოქალაქე, აშშ-ის სასარგებლოდ, ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო, მათ ნაწილს სიკვდილით დასჯა ემუქრება.
გამოძიების მტკიცებით, აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სამმართველომ 17 მოქალაქის გადაბირება შეძლო, რომლებიც ირანში კრიტიკულად მნიშვნელოვან სექტორებში იყვნენ დასაქმებული.
აღსანიშნავია, თეირანის განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც სპარსეთის ყურეში ირანისა და დასავლეთის დაპირისპირების ესკალაცია შეინიშნება. კერძოდ, 19 ივლისს ირანმა სპარსეთის ყურეში ბრიტანეთის ტანკერი დააკავა.