სომხეთი „სამხედრო სიურპრიზის“ მოლოდინშია

“რუსეთის მიერ სომხეთისთვის სუ-30სმ ტიპის გამანადგურებლების გადაცემა 2020 წლის დასაწყისში მოხდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, დავიდ ტონოიანმა.
„ველოდებით, რომ მწარმოებელი ვალდებულებების შესრულებას მიმდინარე წლის ბოლოს, მომდევნო წლის დასაწყისში დაიწყებს“, – აღნიშნა ტონოიანმა.
კითხვაზე – არის თუ არა მოსალოდნელი სხვა ტიპის შეიარაღების მიწოდება, სომხეთის თავდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ დეტალების გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებს, თუმცა „სამხედრო სიურპრიზებია“ მოსალოდნელი.
მანამდე, სომხეთის საზოგადოებრივმა ტელეარხმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები „ტორ“-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიიღებს. აღნიშნული კომპლექსი განკუთვნილია ტაქტიკურ დონეზე სამხედროების, ეკონომიკური და სხვა ტიპის ობიექტების დაცვას საჰაერო დარტყმის შემთხვევაში.
9 მაისს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, დავიდ ტონოიანმა განაცხადა, რომ სომხეთი შეიარაღებაში არა ძალთა ბალანსის დაცვას, არამედ უპირატესობის მოპოვებას ცდილობს.
რუსეთმა ერევანს თანამედროვე სამხედრო ტექნიკის შესაძენად ორი კრედიტი გამოუყო.
200 მლნ დოლარის ღირებულების პირველი კრედიტით გათვალისწინებული ვალდებულება უკვე შესრულებულია.
ამჟამად კი მეორე კრედიტით აღებული ვალდებულების შესრულება მიმდინარეობს, რომლის ოდენობა 100 მლნ დოლარს შეადგენს.
მეორე კრედიტი რუსეთმა 2018 წლის ნოემბერში დაამტკიცა.
ტონოიანის თქმით, სომხეთმა 12 ერთეული სუ-30სმ საფასური უკვე გადაიხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები