ლევან იზორია: რაც უნდა ემოციური იყოს ჩვენთვის რუსეთის განცხადებები, აუცილებელია სტრატეგიული ამოცანების ცივი გონებით განხორციელება
“რაც უნდა ემოციური იყოს ჩვენთვის რუსეთის მხრიდან განცხადებები, აუცილებელია საღი და ცივი გონებით განხორციელება იმ სტრატეგიული ამოცანებისა, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოსახლეობის არჩევანით დაისახა”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც იზორიამ აღნიშნა, მმართველი გუნდის პოლიტიკის ნაწილი რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაა.
“რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკის ნაწილია ის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში, მათ შორის, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება – Agile Spirit 2019-ი ამ პოლიტიკის ნაწილია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, თუ რა განცხადებებს ვისმენთ, რაც უნდა ემოციური იყოს ჩვენთვის ეს განცხადებები, აუცილებელია, საღი და ცივი გონებით იმ მთავარი სტრატეგიული ამოცანების განხორციელება, რაც ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენი მოსახლეობის არჩევანით დაისახა და პრიორიტეტულია სწორედ ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამიტომ, ამ პოლიტიკას, მიუხედავად ცალკეული განცხადებებისა, ჩვენ ცალსახად მომავალშიც გავაგრძელებთ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.