საგარეო საქმეთა სამინისტროში ბავშვებისთვის ღია კარის დღე დაიწყო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბავშვებისთვის ღია კარის დღე დაიწყო. სამინისტროს ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე საჯარო სკოლების მე-6-8 კლასის 60 მოსწავლე ესტუმრა. ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება “ღია კარის დღე- ტური ვეცნობით მსოფლიოს” ფარგლებში, საჯარო სკოლის მოსწავლეები დღეს თბილისში მდებარე 20-ზე მეტ საელჩოს ესტუმრებიან.
შემეცნებითი ტური საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო. ბავშვებს მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა. მან საჯარო სკოლის მოსწავლეებს სიმბოლური “პასპორტები” გადასცა.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მეორედ მასპინძლობს ძალიან საინტერესო ტურს “ღია კარის დღე – გავიცნოთ მსოფლიო”, რომელიც ჩვენ სპეციალურად მოვაწყვეთ თქვენთვის. იცით, რომ მთელი დღის განმავლობაში იმოგზაურებთ თბილისში საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკულად ყველა საელჩოში, შეხვდებით ელჩებს და მათ თანამშრომლებს. მოისმენთ საინტერესო ინფორმაციებს კონკრეტული ქვეყნების შესახებ. ეს იქნება სიმბოლური მოგზაურობა, რომელიც ძალიან მალე, როცა თქვენ გახდებით სრულწლოვანი და აიღებთ ნამდვილ ქართულ პასპორტს გადაიქცევა რეალურ მოგზაურობად მსოფლიოში”, – განუცხადა ბავშვებს თამარ ბერუჩაშვილმა.
სამინისტროს ცნობით, “ღია კარის დღე – ტური ვეცნობით მსოფლიოს” ფარგლებში ბავშვები უკვე ეწვივნენ იტალიის, გერმანიის, ყაზახეთის, ბულგარეთის, ჩინეთის, ბრაზილიის, ნიდერლანდების, აზერბაიჯანის საელჩოებს. დღის ბოლომდე ისინი კიდევ არა ერთ დიპლომატიურ მისიას ეწვევიან.
საელჩოებში საჯარო სკოლის მოსწავლეებს მისიის ხელმძღვანელები დახვდნენ და მათ თითოეული ქვეყნისა და საელჩოს საქმიანობის თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. ბავშვებს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სიმბოლურ “პასპორტებში” სპეციალური შტამპით დაუდასტურეს ამა თუ იმ ქვეყანაში “სტუმრობის” ფაქტი.
ღონისძიების დასასრულს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიღება გაიმართება. მოსწავლეებს პირადად შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე და მათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს გადასცემს. ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით აღნიშნულ აქციას საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მეორე წელია მართავს. გასულ წელს თბილისის 10-მდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსგავსი ტურის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები მოინახულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები