მაია ფანჯიკიძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

თბილისს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუბომირ ზაორალეკი ეწვია.
მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ უმასპინძლა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს, ასევე საქართველოს პროგრესი დემოკრატიზაციისა და რეფორმების განხორციელების და ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოების კუთხით. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისა და საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებსაც.
ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის მნიშვნელობას. მინისტრმა ზაორალეკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რაც სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის აღნიშნულ სფეროებში არსებული ურთიერთობების გააქტიურებას. საქართველო ასევე მიუერთდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის იურისდიქციის იმუნიტეტების შესახებ დეკლარაციას, რომელიც 2013 წელს ჩეხეთისა და ავსტრიის რესპუბლიკების ინიციატივით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები