ირანმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანეთის ტანკერი დააკავა – 23-კაციანი ეკიპაჟი ბორტზე რჩება

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ტანკერი – Stena Impero დააკავა. ტანკერის ეკიპაჟი 23 კაცისგან შედგება. მათ შორის არიან ინდოეთის 18 მოქალაქე, თითო–თითო რუსეთის, ფილიპინების, ლატვიის და სხვა ქვეყნების მოქალაქე.

სააგენტო IRNA–ს ინფორმაციით, ამჟამად ტანკერი ბენდერ–აბასის პორტშია გაჩერებული, სადაც ის ირანის შეიარაღებული ძალების ხომალდმა მიაცილა.

როგორც ხორმოზგანის პროვინციის პორტების ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ალაჰმორად აფიფიპურამ მედიას განუცხადა, ეკიპაჟი ბორტზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე უნდა დარჩეს.

ჰორმუზის სრუტე ომანისა და სპარსეთის ყურეებს შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სრუტეა. ირანი მის ჩრდილოეთ ნაპირზე მდებარეობს, სამხრეთ ნაპირზე კი არაბთა გაერთიანებული საამიროები და ომანის ანკლავი მუსანდამია. სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილი სიგანეში 54 კმ-ია.

სრუტე უზრუნველყოფს სპარსეთის ყურის ნავთობის ექსპორტს დანარჩენ მსოფლიოში. ყოველდღიურად სრუტეში 15 ტანკერი გადის, რომლებსაც 16.5-17 მლნ ტონა ნავთობი გადააქვთ, რაც სრუტეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გეოსტრატეგიულ წერტილად აქცევს. ამჟამად, ჰორმუზის სრუტეზე მსოფლიოში ნავთობის საზღვაო გადაზიდვების 40% და მთლიანი გადაზიდვების 20% მოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები