ვულკანი ეტნა გააქტიურდა – სიცილიის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს

იტალიაში, სიცილიის კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე ვულკანი ეტნა კვლავ გააქტიურდა, რამაც ქალაქ კატანიაში მდებარე საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეაფერხა. გვიან ღამით, ვულკანის ე.წ. „ახალი კრატერიდან“ ამოფრქვევის გამო, საჭირო გახდა ქალაქ კატანიის, ასევე, ქალაქ რაგუზას საჰაერო სივრცის დაკეტვა. კრიზისების შემსწავლელმა სპეციალურმა ჯგუფმა მხოლოდ გამთენიისას მიიღო გადაწყვეტილება კატანიის აეროპორტიდან ავიარეისების შესრულების განახლების შესახებ. იმ მგზავრებს კი, რომლებიც დღეს კატანიაში მიფრინავენ, ურჩევენ დამატებითი ინფორმაციისთვის, ავიაკომპანიებს მიმართონ.

იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა ეტნას მნიშვნელოვანი გააქტიურება 19 ივლისს შენიშნეს, თუმცა ვულკანმა ჯერ კიდევ 14 ივლისს გაიღვიძა.

ეტნა ევროპაში ყველაზე მაღალი ვულკანია, 2013 წელს ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იქნა შეყვანილი.

2017 წელს, მისი მორიგი გააქტიურების გამო, 10 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები