პოლონეთი პუტინს მეორე მსოფლიო ომის დაწყების ღონისძიებაზე არ დაუშვებს
პოლონეთის მთავრობა უადგილოდ მიიჩნევს ვარშავაში მეორე მსოფლიო ომის დაწყების მე-80 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაესწროს.
როგორც მედიას პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ იაცეკ სასინმა განუცხადა, „უადგილოა პოლონეთის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიის წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას ესწრებოდეს ადამიანი, რომელიც დღეს, მეზობლებს ასეთივე მეთოდებით ეპყრობა“.
მოსალოდნელია, რომ ვარშავაში ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწროს, გარდა ამისა პოლონეთში სავარაუდოდ, ანგელა მერკელიც ჩავა.
როგორც სასინმა აღნიშნა, მოსაწვევები გაგზავნილია მსოფლიოს ლიდერების უმრავლესობასთან და მეორე მსოფლიო ომის დაწყების მე-80 წლისთავი საერთაშორისო მასშტაბის იქნება.
ვარშავაში ღონისძიება სექტემბერში გაიმართება.