„ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში ჰონგ-კონგში ღონისძიება გაიმართა

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ჰონგ-კონგში ქართული ღვინის წარდგენა ადგილობრივი პრემიუმ-კლასის რესტორნებისა და ღვინის შემსყიდველებისთვის გაიმართა.
ღონისძიება „ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში მოეწყო და მას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media’’-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. ჰონგ-კონგში გამართულ ღონისძიებაზე აქცენტი ქართული ღვინის აზიურ სამზარეულოსთან შეხამებაზე გაკეთდა.
როგორც “კვირას” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მიმდინარე წელს “Meiburg Wine Media”-ის საქმიანობა მიმართული იქნება ჰონგ-კონგში ქართული ღვინის პრემიუმ-სეგმენტში დამკვიდრებისკენ და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით გამართული ღონისძიებების სტუმრები მაღალი კლასის რესტორნებისა და სასტუმროების წარმომადგენლები, ასევე ტოპ-სომელიეები და იმპორტიორები იქნებიან.
„ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ქართული ღვინის წარდგენა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში უკვე გაიმართა, დეგუსტაციები დაგეგმილია ჩინეთის ფუძიანისა და სიჩუანის პროვინციებშიც, ტური ქართული ღვინის ფესტივალებით შანხაისა და ჰონგ-კონგში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები