იუსტიციის სამინისტროსა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ავთანდილ ღელაღუტაშვილმა მოაწერეს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით. მემორანდუმის მთავარი მიზანი ინტელექტუალური რესურსის განვითარება, უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის მიმართულებების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა პროფესიული მომზადების ხელშეწყობა, სამეცნიერო-საგანმანათლებლო მეთოდური სიახლეების დანერგვა, იურიდიული განათლების სფეროში სხვადასხვა სახის კვლევითი და სამეცნიერო პროექტების ერთობლივი განხორციელებაა.
მემორანდუმის ფარგლებში იუსტიციის სამინისტრო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას მისცემს; დახმარებას გაუწევს მათ დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოსავლენად; შეუქმნის საჭირო პირობებს პრაქტიკის პერიოდში წამოჭრილი საკითხებისა და პრობლემების გადაწყვეტაში.
იუსტიციის სამინისტრო, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, ხელს შეუწყობს სტუდენტთა დასაქმებას სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სისტემაში. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გაფორმებული მემორანდუმი შესაძლებლობას მისცემს წარჩინებულ სტუდენტებს, საზაფხულო პრაქტიკა იუსტიციის სახლებში გაიარონ.
„ეს მემორანდუმი, რომელსაც დღეს მოეწერება ხელი, არ იქნება მემორანდუმი მემორანდუმისთვის. მე ჩამოვედი კონკრეტული შეთავაზებით, რომ წარჩინებულ სტუდენტებს შევთავაზო საზაფხულო სამუშაო იუსტიციის სახლებში და ჩვენ ამისთვის გამოყოფილი გვაქვა 20 ადგილი. ვფიქრობ, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ინტერესდება ადგილობრივი უნივერსიტეტებით და ადგილობრივი კადრებით. თუკი ჩვენ პასუხისმგებლიანები ვართ, უნდა გვეჩქარებოდეს, რომ საკუთარი საქმე კარგად გავაკეთოთ, შემდეგ გვერდზე გავიწიოთ და ადგილი დავუთმოთ ახალგაზრდებს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა სტუდენტებისა და პროფესორების კითხვებს უპასუხა და მათთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.