საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2-ის“ დირექტორად პაატა სალია დაარეგისტრირა

ქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ  საჯარო რეესტრისგან შპს „სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის“ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა, რის საფუძველზეც რეესტრმა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ბიზნესმენის ადვოკატი – პაატა სალია დანიშნა.
საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანიის 60-პროცენტიანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში, 40-პროცენტიანი წილისა კი – შპს „პანორამა“ დარეგისტრირდა. ასევე, დღეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა.


კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.
სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის, არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.
განცხადება გაავრცელეს „რუსთავის 2“-ის თანამშრომლებმა, სადაც ამბობენ, რომ მენეჯმენტის შეცვლა გამოიწვევს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, სწორედ ამიტომ, იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებენ, არ დაარეგისტრიროს ადვოკატ პაატა სალიას მოთხოვნა არხის მესაკუთრედ ხალვაშის დარეგისტრირების შესახებ.
თავის მხირვ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება და ახალ მესაკუთრეს აქვს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ ის სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. „სტრასბურგის გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, – თქვა ნიკა გვარამიამ.
„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები