„1%-იც კი არ არსებობს იმის რისკი, რომ რაიმე ძვრები მოხდეს მთავრობაში“

“ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს ჭორებს, რომ ხელისუფლებაში დაძაბულობაა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ “ექსპო ჯორჯიაში” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” 9 წელი ანერვიულებდა მოსახლეობას. ღარიბაშვილის თქმით, “ისინი ავრცელებენ ჭორებს და დეზინფორმაციებს. ძალიან ბევრი დეზინფორმაციული სააგენტოები აქვთ შექმნილი, რისი საშუალებითაც ხდება ამ დეზინფორმაციების გავრცელება, რათა დაძაბონ საზოგადოება, რომ რაღაც ხდება, ღარიბაშვილს გადააყენებენ, ის მოხდება, ეს მოხდება და ა.შ.
არაფერი არ მოხდება. ტყუილად ნერვიულობთ. ისე გაქვთ საბაბი, რომ ინერვიულოთ. არა უშავს, ცოტა უნდა ინერვიულოთ, რადგან 9 წელი მოსახლეობა ანერვიულეთ”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საერთოდ არ არსებობს იმის რისკი და საშიშროება, რომ რაიმე ძვრები მოხდეს მთავრობაში.
“მოსახლეობას მინდა მივმართო, რომ ყველაფერი კარგად არის. 1%-იც კი არ არსებობს იმის რისკი და საშიშროება, რომ რაიმე ძვრები მოხდეს ან მთავრობაში, ან ხელისუფლებაში. გუნდის შიგნით არის ერთსულოვნება. გუნდი არის ძალიან შეკრული. ხანდახან განსხვავებული პოზიციები ფიქსირდება და ეს ნორმალური და დემოკრატიულია.
დისკუსიის შედეგად ჩვენ მივდივართ გადაწყვეტილებამდე და ვაღწევთ შეთანხმებას. ვერავინ გაბედავს რაიმე რყევებს და პრობლემებს. როგორ ფიქრობთ, ბატონმა ბიძინამ იმიტომ დაალაგა ქვეყანაში სიტუაცია, რომ ვიღაცამ რაღაც არიოს? როგორ ფიქრობთ, ვიღაცები ფიქრობენ ამას და იგივე ბატონ ბიძინას და მე არ გვაქვს ამაზე ნაფიქრი? ჩვენ გვაქვს ყველაფერზე ნაფიქრი, გრძელვადიანი გეგმებიც გვაქვს, კარგად მოფიქრებული გეგმებიც გვაქვს და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები