გია გაჩეჩილაძე: „რუსთავი 2“ უტიფრად ცდილობს, პარლამენტის შენობაზე შტურმი წარმოადგინოს, როგორც მშვიდობიანი აქცია

“ქვეყანაში დაგეგმილი იყო სერიოზული დესტაბილიზაცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე 20 -21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შს სამინისტრომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებასა და არეულობას გადაარჩინა.
„თუ დააკვირდებით „რუსთავი 2-ის“ მიერ 20 ივნისის მოვლენების გაშუქების საკითხს – ის უტიფრად ცდილობს, რომ 20 ივნისის შტურმი პარლამენტის შენობაზე წარმოადგინოს, როგორც მშვიდობიანი აქცია. რატომ ცდილობს ამას – რაც შემდეგ მოხდა, პოლიციის ქმედებები, გაზის გამოყენება დემონსტრაციის დაშლისთვის, ყველაფერი უნდა, დააბრალოს შს სამინისტროსა და გახრიას  იმიტომ, რომ „რუსთავი 2“ ცდილობს, დაასუსტოს შს სამინისტრო იმ თვალსაზრისით, რომ ის არის ქვეყნის სტაბილურობის ძირითადი დასაყრდენი. არადა, ყველამ პირდაპირ ეთერში უყურა, რა ხდებოდა პარლამენტის წინ, როგორი აგრესია იყო, რამდენი პოლიციელი დაშავდა, რამდენს თავში ჩაარტყეს, რამდენი გამოათრიეს და დააზიანეს და ა.შ. რაც შეეხება მეორე მხრიდან დაზარალებულებს – ეს სამწუხარო ამბავია, იცით, რომ რამდენიმე პოლიციელზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. აქაც კითხვის ნიშნებია. გაგახსენებთ სააკაშვილის განცხადებას, რომ მას კავშირი აქვს სპეცრაზმელებთან. აქ კიდევ ბერვი რამეა გასარკვევი, რა ხდებოდა სინამდვილეში.
დაგეგმილი იყო ქვეყნის ძალიან სერიოზული დესტაბილიზაცია – ის, რომ წინასწარ იყო საშვები დაშვებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტში არაპარლამენტის წევრების შეშვებაზე, გარკვეული ნაწილი დღისით, 12:00 საათზე უკვე დარბაზში იყო . წარმოიდგინეთ ერთი რამ, ვთქვათ, პოლიციას არ ევაჟკაცა, გაერღვიათ კორდონი აღელვებულ ადამიანებს, დაეკავებინათ პარლამენტის შენობა. პარლამენტის შენობა ჩვეულებრივი შენობა არ არის. ჩვენ საპარლამეტო რესპუბლიკა ვართ.  პარლამენტი ძირითადი სახელისუფლებო შტოა, ამიტომ ეს იქნებოდა თავდასხმა ხელისუფლების ძირითადი ორგანოს შენობაზე. ეს პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევდა, რასაც მოჰყვებოდა იმ აღელვებული ხალხის ქუჩაში გამოსვლა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს დაარბიეს, ქონება წაართვეს, ტყუილად ციხეებში ჩაყარეს და ა.შ. ეს არის ასიათასობით ადამიანი. ამას რა მოჰყვებოდა, რა უბედურება დატრიალდებოდა, ეს კიდევ სხვა საკითხია. აი, რას გადაურჩა საქართველო შს სამინსიტროს ქმედების შედეგად. ეს არის აქ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები