ქიბარ ხალვაშის განცხადებით, “რუსთავი 2-ს” თავისი ადვოკატი უხელმძღვანელებს

ქიბერ ხალვაში “რუსთავი 2-ის” საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ ტელეკომპანიას ნიკა გვარამიას ნაცვლად  მისი ადვოკატი, პაატა სალია უხელმძღვანელებს.

განცხადებაში, ასევე, ხაზგასმულია, რომ ის არ აპირებს არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და რომ თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული იქნება.
„არ ვაპირებ, შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული. არ ჩავერევი „რუსთავი2-ის” ჟურნალიტების პროფესიულ საქმიანობაში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით. ამავდროულად, ვიზრუნებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ყველანაირად ხელს შევუწყობ მათ ამ საქმეში.

იმედი მაქვს, რომ კომპანიის თანამშრომლები ადეკვატურად შეხვდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და ჩვენ ყველა  ერთად ვიზრუნებთ, რომ „რუსთავი2“ იყოს წარმატებული და პოპულარული არხი.
ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით. მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი, პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას – უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და, ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია“, – აცხადებს ქიბარ ხალვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები