ირაკლი ღარიბაშვილი: მარიხუანის ლეგალიზაცია არ მოხდება

სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, მარიხუანის ლეგალიზაცია არ მოხდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მარიხუანა არის პირველი ეტაპი და შემდეგ მას წამალი და ბიონარკოტიკები მოსდევს.
“მე ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მარიხუანის არავითარი ლეგალიზაცია არ მოხდება. ეს არც განიხილება და მანამ, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ეს არ მოხდება. ანუ დეკრიმინალიზაცია არ მოხდება.
რაც შეეხება მუხლების გადახედვას, ამაზე კიდევ შეიძლება, ვიმსჯელოთ, თუმცა მე ვიცი, რომ მიდგომა შეიცვალა.
მე მინდა, მოსახლეობას განვუმარტო, რომ პირველ ფაქტზე, როდესაც პიროვნებას მარიხუანის მოწევაზე დააკავებენ, ის 500 ლარით ჯარიმდება, განმეორებით ფაქტზე – 2 000 ლარით და მესამე ფაქტზე არის მხოლოდ პატიმრობა, ან კიდევ უფრო გაზრდილი ჯარიმა. მე არ ვიცი, რატომ უნდა იყოს ამაზე ლოიალური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან, არ მესმის. ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, როგორც ნარკომანიასთან ბრძოლას და არა ისე, რომ რამდენიმე ადამიანი გამოვა და იტყვის, რომ მარიხუანის მოწევა არაა დანაშაული. მე არ დავუშვებ, რომ წახალისდეს ნარკომანია, პირიქით”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები