პრემიერი მმართველი გუნდის წევრების განსხვავებულ მოსაზრებებს „უყურადღებობით“ ხსნის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გარკვეულ საკითხებზე მთავრობისა და გუნდის წევრების განსხვავებულ პოზიციებს “უყურადღებობით” ხსნის. ამით პრემიერ-მინისტრი მმართველ გუნდში განსხვავებული მოსაზრებების შესახებ დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.
“რაც შეეხება განსხვავებულ მოსაზრებებს, ეს შეიძლება უყურადღებობით მოსდით, მაგრამ ამასაც გაასწორებენ. ტრაგედია არ ხდება, რომ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირონ. შიგნითაც ხდება განსხვავებული აზრის დაფიქსირება, ჩვენ ვკამათობთ, ხდება აზრთა გაცვლა- გამოცვლა, დისკუსია და გარეთ გამოდის საბოლოო პოზიცია. მაგრამ ამ პროცესში, სანამ არ მოხდა პოზიციის შეჯერება, შეიძლება ვიღაცამ რაღაცა თქვა, მაგრამ არ უნდა გეგონოთ, რომ აქ რაღაც უთანხმოებაა.
შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ერთი აზრი, მაგრამ დისკუსიის შემდეგ ეს აზრი შეიცვალო, ამაში რას ხედავთ უჩვეულოს? ვისურვებდი, რომ ასე არ იყოს და იმედი მაქვს, რომ ამას გამოასწორებენ მინისტრებიც და კოალიციაში შემავალი დეპუტატატებიც”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.