ზვიად ძიძიგური: 2020 წლისთვის ქვეყანა გადადის პროპორციულ არჩევნებზე, რაც „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად ძიძიგური ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „2020 წლისთვის ქვეყანა გადადის პროპორციულ არჩევნებზე, რაც „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაა“.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ახალი რეალობის, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ქართული პოლიტიკისთვის უმნიშვნელოვანესი სიახლეა – 2020 წლისთვის ქვეყანა გადადის პროპორციულ არჩევნებზე. ეს არის, პირველ ყოვლისა, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, რაც ახალი რეალობის, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მნიშვნელოვანი იყო, ასევე, ბიძინა ივანიშვილის მიერ დანახული პოლიტიკური ცხოვრება 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც მან დაუშვა კოალიციის შექმნის შესაძლებლობა და მიესალმა რაც შეიძლება მეტი ახალი პოლიტიკური ძალისა და ახალი პოლიტიკური სუბიექტის შემოსვლის შესაძლებლობას. ეს არის ახალი რეალობა, რომელიც ორპოლუსიან პოლიტიკურ სისტემას, პრაქტიკულად, შეცვლის მრავალპოლუსიანი პოლიტიკური სისტემით და საქართველოს მომავალი პარლამენტი, 2020 წლის არჩევნების შედეგად, დაკომპლექტდება გაცილებით მეტი პოლიტიკური სუბიექტით, ვიდრე დღეს არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ ინიციატივის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და მისი დღევანდელი ინტერვიუც სრულიად შეესაბამება სულისკვეთებას ამ პოლიტიკურ ნაწილში.
რაც შეეხება 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებას – ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა და მე ვფიქრობ, ქართველ საზოგადოებაში კითხვის ნიშანი არავის აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ძალა, რომელიც პოლიციამ გამოიყენა, იყო ლეგიტიმური. თემა, რომელზეც ოპონენტები აპელირებენ და ემოციურ ტონს აძლევენ ამ მოვლენებს, შეეხება იმას, რამდენად პროპორციულად გამოიყენა ძალა პოლიციამ. ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიდის. საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს, დაკავებულნი არიან პოლიციის თანამშრომლები, ის ადამიანებიც, ვინც პოლიციაზე ძალადობას ახორციელებდა, დანარჩენი გამოძიების გადასაწყვეტია“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ცნობისთვის, დღეს ბათუმში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ პარტიული შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები