უკრაინაში პოროშენკოსა და მისი გუნდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 11 საქმე აღძრეს
უკრაინის საგამოძიებო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსა და მისი გუნდიდან სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის 11 საქმე აღძრა. ამის შესახებ საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა, რომან ტრუბამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პოროშენკო დღეს გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარეს. საქმე ეხება “კუზნია ნა რიბალსკამ” ქარხნის გაყიდვისას გადასახადებისგან თავის არიდებასა და 300 მილიონი დოლარის შემოსავლის ლეგალიზებას.
როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, უკრაინის ექსპრეზიდენტი დაკითხვაზე არ გამოცხადდა, რის გამოც უწყებაში მისასვლელად მას განმეორებით ოქმს გაუგზავნიან.
პეტრო პოროშენკოს ადვოკატის, იგორ გოლოვანის თქმით კი ექსპრეზიდენტს დაკითხვაზე დაბარების ოქმი არ მიუღია. მისივე განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებამდე გამოძიებასთან ვერ ითანამშრომლებს, რადგან პოროშენკო “წინასაარჩევნო საქმიანობაშია ჩართული”
“თუ გამოძიებას მიაჩნია, რომ პეტრო პოროშენკოს დაბარება პროცედურული საკითხების ჩასატარებლად აუცილებელია, გთხოვთ, ის დანიშნოთ 2019 წლის 21 ივლისის შემდეგ”, – წერია ადვოკატის გამოქვეყნებულ წერილში, რომელსაც გამოცემა “უკრაინული პრავდა” ავრცელებს.
მარიამ ლაცაბიძე