„სოფლის მეურნეობაში განხორციელებული რეფორმები ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული აღმოჩნდა“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ სოფლის მეურნეობისთვის უპრეცედენტო პროექტი დაიწყო. როგორც ღარიბაშვილმა მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული რეფორმები ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 710 ათასმა ბენეფიციარმა დაახლოებით 200 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ბარათი მიიღო, დამუშავდა ორჯერ მეტი ფართობი, ვიდრე წინა წლებში. მათ შორის ისეთი ნაკვეთები, რომლებიც წლების განმავლობაში საერთოდ დაუმუშავებული იყო.
მისივე თქმით, ამ პროექტის ფარგლებში წელს გამოყოფილია 90 მილიონი ლარი და დაახლოებით 800 ათასამდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. “ეს არის რეალური სტატისტიკა, რეალური ციფრები, რომელიც ექვემდებარება გადამოწმებას და ჩვენ მზად ვართ, წარმოგიდგინოთ ეს სტატისტიკა”, – დასძინა პრემიერმა.
ამასთან, განხორციელდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, რომლის ფარგლებში მეწარმეებმა რეალური ფინანსური დახმარება მიიღეს. პრემიერის შეფასებით, პროექტი უკვე ერთი წელია წარმატებით ხორციელდება და, დღეის მონაცემებით, 17 ათასზე მეტ მოქალაქეზე 400 მილიონი ლარი გაიცა. დაფინანსდა 74 ახალი საწარმო, ასევე 400-ზე მეტი საწარმოს გადაიარაღება განხორციელდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად განხორციელდა სადრენაჟე არხების მასშტაბური რეაბილიტაცია. ამ სამუშაოებმა ფერმერების მიერ პროდუქციის წარმოება 50%-ით გაზარდა. საერთო ჯამში, წელს 88 ათასი ჰექტარი ფართობი მოირწყა, სამჯერ მეტი, ვიდრე ეს წინა წლებში მოხდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრისას ცალკე გამოყო რთველი და ღვინის ხელშეწყობის პროექტი. მისივე განმარტებით, გასულ წელს მხოლოდ კახეთის რეგიონში 100 მილიონ ლარზე მეტი თანხა შევიდა და რთველი უპრეცედენტოდ წარმატებული იყო. ღარიბაშვილის თქმით, წელს ერთნახევარჯერ უფრო მეტი მოსავლის მიღების პროგნოზი გააჩნიათ. “ღვინის ექსპორტმა გასულ წელს 46,7 მილიონი ბოთლი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ეს ზრდის ტენდენცია დღესაც გრძელდება. აპრილის მდგომარეობით, წელს ღვინის ექსპორტმა 19 მილიონი ბოთლი შეადგინა, რაც 180%-ითაა გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ასევე, აპრილის მდგომარეობით, ექსპორტირებულია 62 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 215%-ით აღემატება”, – დასძინა ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, გააქტიურდა სურსათის ეროვნული სააგენტო და სურსათის უვნებლობის კუთხით სახელმწიფოს კონტროლი გაძლიერდა. სააგენტოს მიერ ინსპექტირების რაოდენობა 3-ჯერ, ხოლო საჯარიმო სანქციების რაოდენობა 7-ჯერ გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები