ილჰამ ალიევის თანაშემწე: აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის განხეთქილების შეტანის მცდელობა უშედეგოდ დასრულდება

“დარწმუნებულები ვართ, რომ აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის განხეთქილების შეტანის მსურველთა მცდელობა უშედეგოდ დასრულდება”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თანაშემწემ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში ალი გასანოვმა, 14 ივლისს დავით გარეჯთან მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო თვეებში შექმნილი ვითარება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას ეწინააღმდეგება და შეუძლებელია არ იწვევდეს გარკვეულ შეკითხვებს. ორი ქვეყნის ექსპერტების განხილვის ფარგლებში, ისმის მოსაზრება, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა ვიღაცას სერიოზულად აშფოთებს და არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ეს ქვეყნები და ხალხები ერთმანეთს დაუპირისპიროს. ასეთ განხილვებში გარკვეული მოსაზრებაც ისმის, თუ ვინ არიან ეს ძალები“,-განაცხადა გასანოვმა.
მისი თქმით, „ბოლო მოვლენების კვალდაკვალ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნა დაბარებული. ასევე განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა, რომელშიც დაგმო მომხდარი ინციდენტი. ასევე პირობა დადო, რომ ამ მიმართულებით გამოძიება ჩატარდება და მომხდარზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან“.
გასანოვი დარწმუნებულია, რომ „ასეთ მომენტებში ქართველები და აზერბაიჯანელები გამძლეობასა და სიბრძნეს გამოიჩენენ და ემოციებს არ აჰყვებიან, შესაბამისი უწყებები კი  გამოავლენენ და დასჯიან შესაბამის ძალებსა და პირებს, რომლებიც ამგვარი ქმედებით არიან დაინტერესებული, დაინტერესებული არიან ორ მეგობრულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დაძაბვაში. ასეთ მცდელობებს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები