ეკონომიკის სამინისტრომ კომერციულ ბანკებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სამინისტროსა და კომერციულ ბანკებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ამოწერეს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იმ კომერციული ბანკების ხელმძღვანელებმა, რომლებიც ჩაერთვებიან სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში”.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის თაობაზე მოლაპარაკებები საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა კომერციულ ბანკთან მიმდინარეობდა. საბოლოოდ, პროგრამაში ჩართული ბანკების სია ასეთია: “საქართველოს ბანკი”, “თი-ბი-სი ბანკი”, “ვითიბი ბანკი ჯორჯია”, ბანკი “რესპუბლიკა”, “ბაზისბანკი”, “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი”, “კორსტანდარტბანკი”, ბანკი “ქართუ”, “ინვესტბანკი”, “ხალიკბანკი საქართველო”, “ლიბერთი ბანკი”, “პროკრედიტბანკი”, “პრივატბანკი” და “პროგრესბანკი”.
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი მოიცავს პროგრამის ინდუსტრიული ნაწილის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს. ბანკების მიერ პროგრამის ფარგლებში მოხდება მეწარმეებისთვის კრედიტის გაცემა, რომლის საპროცენტო განაკვეთის ათი პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. კრედიტის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემული კრედიტის მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 150 ათას დოლარს, ხოლო მაქსიმალური – 2 მილიონ აშშ დოლარს. “ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს საბანკო სექტორსა და სახელმწიფოს შორის, პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ. უკვე არის შემოსული განაცხადები სახელმწიფო ქონებაზე და ინფრასტრუქტურაზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში დამწყებ კომპანიებს მაქსიმალურად გამარტივებულად ექნებათ საშუალება, დაიწყონ ბიზნესი, აწარმოონ პროდუქტი საქართველოში და დაასაქმონ ადამიანები. ძირითადად არის ოთხი კომპონენტი: სახელმწიფო ქონების გადაცემა, საბანკო სერთიფიცირება, თანაგარანტირების უზრუნველყოფა და ასევე კონსულტაციების ნაწილში დახმარება. ვფიქრობ, ოთხივე კომპონენტი კომპლექსურად მოიტანს ძალიან დადებით შედეგს ქვეყნის ეკონომიკისთვის”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ახალი სამთავრობო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ეკონომიკის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებენ. პროგრამის განსახორციელებლად 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 46 მილიონი ლარია გამოყოფილი.