ირაკლი ღარიბაშვილი: მედიასაშუალებები კრიმინოგენურ ვითარებასთან მიმართებაში გადაჭარბებულ ფონს ქმნიან
მედიასაშუალებები კრიმინოგენულ ვითარებასთან მიმართებაში გადაჭარბებულ ფონს ქმნიან, – ამის შესახებ “ექსპო ჯორჯიაში” მიმდინარე პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მედიის მიერ შექმნილი დაძაბული ფონით მოსახლეობა იძაბება.
“დღეს არც ერთი დანაშაული გაუხსნელი არ არის. თითქმის ყველა დანაშაული ძალიან ოპერატიულად იხსნება. ძალიან მოტოვირებულნი არიან სამართალდამცველი უწყებები. ამ ფონს, რომელსაც მედიასაშუალებები ქმნით, არის ძალიან გადაჭარბებული. მინდა შეგახსენოთ ყველას პასუხისმგებლობა, რომ ეს ფონი მოქმედებს ინვესტიციებზე, ინვესტორების განწყობებზე, რეალობა გვაქვს სხვა და რაში გჭირდებათ ეს?
თქვენ არ ხართ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებსაც სჭირდებათ სპეკულაციები, რომ გააკრიტიკონ მთავრობა და თქვან, უკეთესები ვართო. რეალობა თქვენ უნდა დაინახოთ სხვა კუთხიდან. ამის საშუალება გაქვთ, რადგან სამინისტრო გამჭვირვალე და ღიაა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, ადრე დანაშაულის დამალვა და ფაქტების მიჩქმალვა ხდებოდა, დღეს კი ყველაფერს, ყველა ავარიას აშუქებენ.
“ჩემი შს მინისტრობის პერიოდში, წამოიწყეს მიზანმიმართული კამპანია, რომ გაიზარდა კრიმინალი. კრიმინალი ყველა ქვეყანაშია. ის, რომ საუბედუროდ ოჯახში მოხდა რაღაც, მეგობარმა მეგობარი დაჭრა, ამის პრევენცია შეუძლებელია. ამის ტირაჟირება და ამის გაშუქება იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, მიმაჩნია, რომ არის დიდი უსამართლობა. ამ ყველაფრით თქვენ ქმნით დაძაბულ ფონს და, რაც მთავარია, მოსახლეობა იძაბება. რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული. თქვენ შეგიძლიათ მიბრძანდეთ სამინისტროში, დაელაპარაკოთ უწყების ხელმძღვანელს, რისი უზრუნველყოფაც შეიძლება. შეგიძლიათ თქვენ თვითონ ნახოთ რეალური სტატისტიკა, თუ რა ხდებოდა გასული წლების განმავლობაში და რა ხდება დღეს. თბილისში რაც გვაქვს დღეს, ასეთი კრიმინოგენური ვითარება არ ყოფილა გასულ წლებში. ხდებოდა დანაშაულის დამალვა, ხდებოდა ფაქტების მიჩქმალვა და არ გაშუქება.
დღეს რატომღაც ყველაფერს აშუქებენ, ყველა ავარიას აშუქებენ და ამით იწყებენ ნიუსს. მე ანალიზი გავაკეთებინე გასულ წელს. მაინტერესებდა, რამდენი დანაშაული ხდებოდა გასულ წლებში და ჩვენ დროს და რამდენის გაშუქება ხდებოდა და ხდება. დავინახე ძალიან დიდი სხვაობა. დანაშაულის 80% არ შუქდებოდა სააკაშვილის დროს, რომელიც ამბობდა, რომ კრიმინალი მოსპო საქართველოში. ჩვენ დროს აბსოლუტურად პირიქით მოხდა. დანაშაული შემცირდა და გაშუქების თვალსაზრისით იყო აბსოლუტურად განსხვავებული სურათი. არ არის გაუარესებული კრიმინოგენური ვითარება. მინისტრი ჭიკაიძე მუშაობს ეფექტურად, სამინისტროს ყველა თანამშრომელი ძალიან მოტივირებულია და მინდა მადლობა ვუთხრა მათ”, – აღნიშნა პრემიერმა.