ეროვნული მუზეუმი: კოლექციებსა და ფონდებში დაცულ საგანძურს არანაირი საფრთხე ემუქრება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე საქმიანობის ირგვლივ, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაციას ავრცელებს.
“კვირა” აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებსა და ფონდებში დაცულ საგანძურს არანაირი საფრთხე ემუქრება და არ შეიძლება, დაემუქროს, რადგან მუდმივად მიმდინარეობს ზრუნვა კოლექციების უსაფრთხოების ნორმების კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების მოვლა-პატრონობაზე. ეს პროცესი გამჭვირვალეა და მასში ჩართულია არაერთი დაინტერესებული მხარე.
​ამჟამად, ხელოვნების მუზეუმში მიმდინარეობს რეგულარული სამუზეუმო საქმიანობა – კოლექციების აღრიცხვა-შეჯერების, მონიტორინგისა და გეგმური რესტავრაცია-განახლების პროცესები. სარესტავრაციოდ შერჩეული ნივთის განთავსება ხდება ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო ლაბორატორიაში, მისი საჭიროებისამებრ, რესტავრაციის, ფიქსაციის ან გაწმენდის მიზნით.
​მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების მუზეუმში, ამჯერად, დროებითი გამოფენების დარბაზი დახურულია, იმისათვის, რომ დამთვალიერებლისათვის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია იყოს ხელმისაწვდომი, ჩვენი თანამშრომლები პარალელურად აგრძელებენ საგამოფენო საქმიანობას. ხელოვნების მუზეუმის კოლექციები პერიოდულად იფინება ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში მყოფ სიღნაღის მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მზადება გამოფენისთვის – „ვალერიან სიდამონ-ერისთავი 130“, რომელიც სიღნაღის მუზეუმში 17 ივლისიდან უმასპინძლებს დამთვალიერებელს”, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები