ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ უარს ვამბობთ მოსმენების პრაქტიკაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება უკანონო მოსმენების განხორციელებაზე უარს ამბობს და წინამორბედთა პრაქტიკას არ დაუბრუნდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ღარიბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ფარულ მოსმენებთან და მოსასმენი პორტატული აპარატურის სისტემიდან გადატანის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“როდესაც რაღაც არალეგალურად ხდება, ანუ ხდება უკანონობა, ამაზე იწყება გამოძიება, მოხდება რეაგირება, დამნაშავე იქნება დასჯილი, როცა დანაშაული გაიხსნება. ის, რომ ასეთი აპარატურა ბუნებაში არსებობს, ამაზე პასუხისმგებლობას მე ვერ ავიღებ. ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიები. დღეს მსოფლიო იმდენად განვითარებულია, რომ მსგავსი ტიპის აპარატურები არის ღია მიმოქცევაში. მისი ყიდვა შეიძლება ძალიან მარტივად, ვისაც ფული და ელემენტარული კონტაქტები აქვს. შესაბამისად, ამის პრევენცია და გამოვლენა ამ ეტაპზე ჩვენს ძალას აღემატება. იმდენად რთული სისტემაა, მოსმენა შეიძლება ძალიან მარტივად. მოსმენების თემა არამარტო ჩვენი, არა მსოფლიოს თემაა. მსოფლიოში სკანდალები ყოველთვის ამ თემის ირგვლივ არის და ეს არის თემა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს. დღეს მოსმენები, გადაღება ძალიან მარტივია და არ უნდა შევქმნათ პანიკა და ისტერიკა. თუნდაც ის ფაქტი, რომ მობილურ ოპერატორებს აქვთ საშუალება, რომ საკუთარ აბონენტებს მოუსმინონ, ჩვენ ამ საშუალებას ვერ შევეწინააღმდეგებით. მათ ამის საშუალება აქვთ, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთონ და არც აკეთებენ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ფარული მოსმენების მიმართულებით საკანონმდებლო ბაზა წესრიგდება და პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
“მე ვიყავი პირველი ინიციატორი, რომელმაც ათობით ათასი ვიდეო-ფაილი გაანადგურა, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი იყო ჩაწერილი. ჩვენ ღიად და დემონტრაციულად ვთქვით, რომ უარს ვამბობთ ასეთ პრაქტიკაზე – უკანონო მოსმენებზე, უკანონო თვალთვალზე, უკანონო გადაღებაზე. ეს იყო ამაზრზენი და ამას აღარ გავიმეორებთ” , – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები