„ჩემსა და პრეზიდენტს შორის არავითარი დაძაბულობა არ არსებობს“

   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე მისი და საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. ღარიბაშვილმა კატეგორიულად უარყო გავცრელებული ინფორმაცია, რომ მასსა და გიორგი მარგველაშვილს შორის გარკვეულ უთანხმოებები არსებობს.
„არავითარი დაძაბულობა არ არსებობს ჩემსა და გიორგის შორის, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი ურთიერთობა, ის სპეკულაციები, რომლებიც მიზანმიმართულად მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, არავითარი დაძაბულობა, მით უმეტეს, პიროვნული დაძაბულობა არ არსებობს ჩვენს შორის. მე და არც პრეზიდენტს არ გვაქვს იმდენი დრო, რომ უფრო ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს, როცა საჭიროა, მაშინ ვხვდებით ერთმანეთს, როცა საჭიროა, ერთად ვჩნდებით, იგივე იყო 26 მაისს. ამაში უჩვეულო არაფერია, კონსტიტუცია შეიცვალა, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი დღეს პრემიერ-მინისტრია, პრეზიდენტს სხვა მოვალეობები აქვს. ყველაფრის დრამატიზებას ნუ ახდენთ და ნუ ძაბავთ საზოაგდოებას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასოცირების ხელშეკრულებას პრემიერ-მინისტრი მოაწერს ხელს.
„არ გვისაუბრია იმ თემაზე, იქნება თუ არა დელეგაციაში პრეზიდენტი. იდეალური იქნებოდა, რომ შეგვეჯერებინა შეხედულებები და გვემცნო საზოგადოებისთვის, თუ ვინ მოაწერდა ხელს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, კომუნიკაციის პრობლემა წარმოიშვა. ის, რომ განსხვავებული პოზიციები დაფიქსირდა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში არის დემოკრატია. რაც მთავარია, პრეზიდენტს და მე საერთო ინტერესები გვაქვს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები