პოლიტიკური სკანდალი მოლდოვაში – ექსპრემიერმა აღიარა, რომ პოსტი 2 მილიონ ევროდ გაყიდა

მოლდოვას ექსპრემიერმა, ვლადიმირ ფილატმა აღიარა, რომ ქვეყნის გენპროკურორის თანამდებობა 2009 წელს ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკს 2 მილიონ ევროდ მიჰყიდა, მიზეზი კი აღნიშნულ თანამდებობაზე ვალერი ზუბკოს დანიშვნა იყო. ამის შესახებ ფილატმა ტელეარხ TV8-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩემთან ვიაჩესლავ უნტილე (ალიანსის “ჩვენი მოლდოვა” მაშინდელი ვიცეთავმჯდომარე, საპარლამენტო კოალიციის წევრი) მოვიდა და პირდაპირ მითხრა, რომ გადაწყვეტილია გენპროკურორის თანამდებობის გაყიდვა 2 მილიონ ევროდ”, – თქვა მოლდოვას ყოფილმა პრემიერმინისტრმა.
მისივე თქმით, კანდიდატი ვალერი ზუბკო იყო, რომელიც შედგომში  გენპროკურორის თანამდებობას 2009-2013 წლებში იკავებდა.
ფილატმა ინტერვიუში ისიც დაამატა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები  მოლდოვაში აშშ-ის ელჩთან, ასიფ ჩოდრისთან​აც ჰქონდა.
ცნობისთვის, 2016 წელს ვლადიმირ ფილატს,​ პირადი სარგებლისა და პასიური კორუფციის გამო, თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. 2019 წლის 15 ივლისს კი მოლდოვას დემოკრატიული პარტიის ვიცეთავმჯდომარემ, ვლადიმირ პლახოტნიუკმა ქვეყანა დატოვა, ამის პარალელურად კი რუსეთში მას ბრალი კრიმინალური საზოგადოების, კონტრაბანდისა და ნარკოტრაფიკის ორგანიზებით წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები