„რეგიონში განცხადება გავაკეთე, როგორც კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა“
არასწორი განცხადება არ გამიკეთებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, “ქართული ოცნება” არც ერთ რეგიონსა და არც ერთ ქალაქში სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას არ დაუშვებდა.
“აბსოლუტურად არ გამიკეთებია არასწორი განცხადება. მინდა, შეგახსენოთ, რომ რეგიონებში დავდივარ და აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებ. ამ ფარგლებში ის განცხადება, რომელიც გავაკეთე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის – კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა და არა როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ეს არის ძალიან დიდი განმასხვავებელი ნიშანი და, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური ძალის ლიდერი დაინტერესებული და მოტივირებულია, რომ მისმა პოლიტიკურმა ძალამ მაქსიმალურ შედეგებს მიაღწიოს”, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ყველა ევროპულ, განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური ძალის ლიდერი მისი პარტიის გამარჯვებაზე ზრუნავს. “რა თქმა უნდა, ვარ მოწოდებული და მჯერა, რომ ყველა რეგიონსა და ყველა სოფელში გავიმარჯვებთ და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი შედეგი იყოს მაქსიმალური. ეს მოწოდება იყო რეალურად თითოეული ამომრჩეველისადმი, იყო მოწოდება ჩვენს კოალიციაში შემავალი პარტიების თითოეული აქტივისტისადმი, რომ მათი აქტიურობა იყოს გააქტიურებული, რომ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ. ამაში უჩვეულო არაფერი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ძალის ლიდერის მოწოდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.