ირაკლი ღარიბაშვილი: მოქალაქეებს პოლიციის აღარ ეშინიათ
პოლიცია არის აბსოლუტურად დეპოლიტიზებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დროებითი მოთავსების იზოლატორში ადამიანის უფლებების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რაც დაუჯერებელი იქნებოდა სულ რაღაც ორი წლის წინ. “ის, რომ დღეს მოქალაქეებს პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების აღარ ეშინიათ, ძალიან დიდი მიღწევაა. ჩვენს მოქალაქეებს რეალურად თავისუფლება დავუბრუნეთ. დღეს პოლიცია არის აბსოლუტურად დეპოლიტიზებული. შემიძლია რეალურად დიდი სიამიყით გითხრათ, რომ ეს არის არა პირადად ჩემი, არამედ მთელი ქვეყნის მონაპოვარი. რეფორმები, რომელიც აღნიშნულ სამინისტროში გასულ წელს დაიწყო, გრძელდება. თუნდაც ის, რომ დროებით მოთავსების იზოლატორში ადამიანის უფლებების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, ეს დაუჯერებელი იქნებოდა სულ რაღაც ორი წლის წინ.
ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა სულ რაღაც ორი წლის წინ დროებითი მოთავსების იზოლატორებში იწყებოდა, შემდეგ გრძელდებოდა პროკურატურაში, შემდეგ ციხეებში და ასე შემდეგ. დღეს ვერც ერთ ასეთ ფაქტს მოქალაქე ვერ დამისახელებს, რადგან არ არსებობს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ მიმართულებით პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, დღეს ციხეები იმაზე ბევრად უფრო გამჭირვალეა, ვიდრე უნდა იყოს და არის თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოებში. “სასჯელაღსრულების სისტემაში ბატონ სოზარს ძალიან ბევრი პრობლემა დახვდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი სამინისტრო, სადაც ხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევის გაუგონარი ფაქტები, წამება, არადამიანური მოპყრობა. სოზარმა გააკეთა ძალიან ბევრი ამ მიმართულებით – რეალურად 180 გრადუსით შეცვალა პატიმრებისადმი მიდგომები. დღეს ციხე იმაზე ბევრად უფრო გამჭირვალე გახდა, ვიდრე უნდა იყოს და არის თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოებში. ამის არდანახვა და არაღნიშვნა უსამართლება იქნებოდა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.