დავით წიკლაური: საკმარისი ფასიანი ქაღალდი არსებობს, რომლის შეძენაც პირველ წელს არის შესაძლებელი

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის დავით წიკლაურის განცხადებით, კანონით სამი პორტფელია გათვალისწინებული – დაბალრისკიანი, საშუალო და მაღალი.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, უკვე დადგენილია გარკვეული ზღვრები, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს საპენსიო თანხების ინვესტიციისას.

წიკლაურის განცხადებით, კანონის თანახმად, პირველი ხუთი წელი საინვესტიციო თანხების უმეტესობა დაბალრისკიან პორტფელში უნდა განთავსდეს.
საინვესტიციო საბჭოს ერთადერთი ქართველი წევრი ამბობს, რომ ამ დროისათვის საბჭო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი კანონის შეზღუდვებზე დაფუძნებული კონკრეტული პროცედურები და ლიმიტები, რაც გულისხმობს რეიტინგის ლიმიტებს, რისკის ლიმიტებს და ა.შ.

,,საქართველოს ბაზარზე, ქართული კომპანიების და მათ შორის მთავრობის მიერ გამოშვებული 10 მილიარდი ლარის ფასიანი ქაღალდია. ეს მოიცავს როგორც დოლარში, ასევე ლარში იმიტირებულ ქაღალდს. ამ ათი მილიარდიდან დაახლოებით სამი მილიარდი სახაზინო ვალდებულებებია. რა თქმა უნდა, არის სხვა ქაღალდიც, მაგ. ბანკების მიერ ემიტირებული ქაღალდი, არის ქართული კომპანიების მიერ ემიტირებული ფასიანი ქაღალდი და არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ემიტირებული ლარში დენომინირებული ბონდებიც. იმის გათვალისწინებით, რომ წლის ბოლოსკენ საპენსიო ფონდში დაახლოებით 600-700 მილიონი ლარის აკუმულირება მოხდება, ვფიქრობ მისი განთავსები სავსებით შესაძლებელია არსებულ ობლიგაციებში. რაც შეეხება ბაზარს – 10 მილიარდი ლარი უკვე არსებული ბაზარია და ეს არსებული ბაზარიც იზრდება, ბაზრის თითოეული კომპონენტიც იზრდება”, – განმარტავს დავით წიკლაური.

მისივე თქმით, მთავარი მიზანი რეალური ამონაგების მიღწევაა.
როგორც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრი დავით წიკლაური ამბობს, საინვესტიციო თანხებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი განკარგავს, მისი მთავარი ამოცანა კი მაქსიმალური რეალური ამონაგების მიღება იქნება დადგენილი რისკის ჩარჩოებში.

,,თუ შევხედავთ საბაზრო განაკვეთებს, დაბალ რისკიან ქაღალდშიც საკმაოდ მაღალი რეალური განაკვეთებია. მარტივად რომ ვთქვათ, სადეპოზიტო სერთიფიკატი დაახლოებით 8.5-დან 10 პროცენტამდე მერყეობს, მაშინ როცა ინფლაციის დონე არის 3 პროცენტის ფარგლებში”, – აცხადებს დავით წიკლაური.
მისივე განმარტებით, კაპიტალს ბაზარი სჭირდება მეტი საცალო თუ ინსტიტუციონალური ინვესტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები