აშშ რუსეთს საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენისა და ოკუპაციის პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს უარყოფითი ზომების თავიდან აცილებას ურჩევს და მოუწოდებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები არ დააწესოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, სინდი საინმა განაცხადა.

“შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსეთის ხელისუფლებისა და დუმას წევრების არაპროპორციული რეაქციის გამო საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები გააუქმოს, მათ შორის, აღადგინოს ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა”, – განაცხადა სინდი საინმა.

მისივე თქმით, აშშ კვლავ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, საინმა რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლები რუსეთის ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, ლოზუნგით – “რუსეთი ოკუპანტია” -19 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მიზნით, თბილისში რუსი დეპუტატების ვიზიტს მოჰყვა. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელმაც 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შეკრებილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსულ ენაზე მიმართა. გენერალური ასამბლეის სხდომა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა სპიკერატი დაიკავეს და ასამბლეას მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
ამავე დღეს პარლამენტის შენობასთან დაიწყო საპროტესტო აქცია, სადაც საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ. პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. ამასთან, დაზიანებები მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. სამმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, 23-ე დღეა გრძელდება.
21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა საქართველოში ფრენები. ამასთან, ტუროპერატორებისა და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.

მარიამ ლაცაბიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები