ანსამბლი „ადილეი“ იტალიაში რიგით მესამე ტურნესთვის ემზადება
15 ივლისს მგალობელ-მომღერალთა გუნდი „ადილეი“ იტალიასა და საფრანგეთში მიემგზავრება.
როგორც „კვირას“ ანსამბლიდან აცნობეს, ფესტივალ „ხმა და დრო“-ის (La Voce e il Tempo) ფარგლებში, კონცერტები ქალაქ გენუასა და კასტელვეკიოში გაიმართება, საიდანაც ანსამბლი საფრანგეთისკენ აიღებს გეზს და ქალაქ დი-ს სოლო კონცერტით ეწვევა. ბოლოს კი ტური ყველასათვის ცნობილ სოფელ პრემანაში არაოფიციალური ნაწილით დასრულდება.
18 ივლისი – კოზმა და დამიანეს სახელობის ტაძარი (გენუა);
19 ივლისი – კასტელვაკიო და როკა ბარბენა (გენუა);
21 ივლისი – ვალკროისანტის მონასტერი (დი);
22 – 25 ივლისი – პრემანა.
პრემანასა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირის საწყისია ანსამბლ „ადილეის“ წევრის სანდრო ნათაძის პირველი ვიზიტი პრემანაში.
სანდრო ნათაძე: „გაოცებული ვიყავი ადგილობრივთა ტრადიციით, განსაკუთრებით სასიმღერო ფოლკლორთან მიმართებაში, უამრავი სახასიათო და კულტურული მსგავსება აღმოვაჩინე, რომელიც ქართველებსა და პრემანელებს აერთიანებდათ. სწორედ ამ მსგავსების გამო გადავწყვიტე, რომ ანსამბლი „ადილეი“ აუცილებლად უნდა ჩასულიყო პრემანაში და გამხდარიყო იმ განსაკუთრებული გარემოს ნაწილი, რაც პრემანაში იქმნებოდა“.
2016 წლის აგვისტოში, იტალიელი კინოდოკუმენტალისტის რენატო მორელის დახმარებით, ანსამბლმა „ადილეიმ“ სწორედ იტალიაში გამართა პირველი ტურნე, რომლის ფარგლებშიც ეწვივნენ პრემანას.
ანა ჯანოლა (პრემანა) ასე იხსნებს ერთად გატარებული პირველი ვახშმის ემოციებს: „თავდაპირველად, როდესაც გავიცანით ერთმანეთი, ვახშმის დაწყებამდე, ჩეულებრივ, სტანდარტული სტუმრები ვიყავით, საღამოს დამთავრების შემდეგ კი ვფიქრობდი, ვინ არიან ისინი ჩვენთვის?! ძმები? შვილები? ბიძაშვილები?“
იხ. ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=-YNKDPIGVYk
სწორედ ამ განსაკუთრებულმა ურთიერთობამ შეძლო ის, რომ ანსამბლ „ადილეის“ ვიზიტიდან ზუსტად ერთი წლის თავზე 30 პრემანელი ეწვია საქართველოს. მათ იმოგზაურეს, იმერეთში (ქუთაისი), აჭარაში (სოფ. მერისი), გურიში (სოფ. მთისპირი), სვანეთსა (სოფ. ლახუშდი) და თბილისში. სწორედ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა ადილეისა და პრემენელების საერთო კონცერტი
(იხ.ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=DyfR9TilGqk&t=31s),
რომლის აუდიო-ვიდეოამსახეველი დისკიც გამოიცა.
დემეტრე ქირია:
„ანსამბლი „ადილეი“ 2012 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. სახელად „ადილეი“ რამდენიმე ფაქტორის გამო ავირჩიეთ: იგი არის დასავლური სიმღერებისთვის დამახასიათებელი სამღერისი და ზუსტად ესადაგება ჩვენს რეპერტუარს. გარდა ამისა, „ადილეი“ არის მგზავრული სიმღერა, რომელიც ასოცირდება მოძრაობასთან და წინსწრაფვასთან.
„ადილეი“ ძირითად მიზნად ისახავს ნამდვილი ფოლკლორის პოპურიზაციას, რადგან, სამწუხაროდ, მისი ცნობადობა ფართო მასებში დაბალია ვცდილობთ, ის სიხარული და სილაღე, რაც ქართულ სიმღერებშია, გავუზიაროთ მსმენელს. ჩვენი მთავარი ღირებულებაა, ურთიერთობა ერთმანეთთან, საზოგადოებასთან და ჩვენს წინაპრებთან. ვცდილობთ, ვიყოთ სპონტანურები და იმპროვიზაციულად ვთქვათ სიმღერის ჩვენებური ვარიანტები. სწორება სოფლურ ფოლკლორზე და მის პრინციპებზე გვაქვს, ძირითადად კი დასავლეთ საქართველოს კუთხის სიმღერებს ვმღერით.
„ადილეის“ ჩატარებული აქვს კონცერტები, ვორკშოფები და სემინარები იტალიაში, ბელგიაში, გერმანიასა და აშშ-ში. გუნდს გამოცემული აქვს CD ალბომი, ფირფიტა და სასწავლო ჩანაწერები და გამოცემისთვის ემზადება 2 CD (სტუდიური და Live)“.
https://www.facebook.com/Adilei