,,არტგენი 2019” – საგარეჯოს ფოლკლორული ანსამბლების – „პატარა გარეჯელების“ და „ბერიკაცების“ კონცერტი გაიმართა
ფესტივალი „არტგენი 2019“ თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე კვლავ მიმდინარეობს. 10 ივლისს, ფესტივალზე თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს ფოლკლორისა და ხალხური რეწვის ოსტატებმა კახეთიდან და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ფესტივალზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები: ,,პატარა გარეჯელები“ (ხელმძღვანელი ბექა ღვინაშვილი) და ,,ბერიკაცები“ (ხელმძღვანელი ნიკო გიგოშვილი).
საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების ინფორმაციით, მათმა გამოსვლამ მნიშვნელოვნად გაალამაზა ფესტივალის საკონცერტო პროგრამა და მაყურებლის გულწრფელი მოწონება, ტაში და ოვაცია დაიმსახურა.
7 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით, თბილისში, გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში ფესტივალი „არტგენი 2019“ ტარდება.
„არტგენი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახალხო ფესტივალია, წელს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან ერთად, ფესტივალი „არტგენი 2019″ მიეძღვნა ქართულ პოლიფონიას და მრავალხმიანობის ტრადიციას.