მამუკა ბახტაძემ და ბულგარეთის ვიცეპრემიერმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების პერსპექტივა განიხილეს

„საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია“, – ამის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა – ეკატერინა ზაჰარიევამ საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში არსებულ მიღწევებს, საქართველო-ბულგარეთის ორმხრივ ურთიერთობებსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.
ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში, რომელიც აპრილში გაიმართა.
განიხილეს თბილისსა და სოფიას შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების პერსპექტივა, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას.
ბულგარეთის ვიცეპრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და აღნიშნა, რომ ეს კურსი როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში გაგრძელდება.
შეხვედრისას, ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.
პრემიერმინისტრმა ბულგარეთის ვიცეპრემიერს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები