“როცა ორ ავადმყოფ მოხუცს უვლის თავად ავადმყოფი ქალი – ეს ნამდვილი კატასტროფაა”

„როდესაც ოჯახში მძიმე ავადმყოფი გყავს, ძალიან რთულია, როდესაც ჩნდება მეორე ავადმყოფი – ეს უკვე ნამდვილი უბედურებაა, ხოლო როდესაც ორ ავადმყოფ მოხუცს უვლის თავად ავადმყოფი ქალი – ეს უკვე ნამდვილი კატასტროფაა!“, – ამბობს 58 წლის ია ნათენაძე.

აგერ უკვე რამდენიმე წელია, რაც ია  ნათენაძე 92 წლის დედას უვლის, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული, იტანჯება ართროზით, ჰიპერტონიითა და ვენების ვარიკოზული გაფართოებით.

„მე მყავს მარტოხელა დეიდა, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ის ფსიქიკური აშლილობით იტანჯება, ძალიან შემეცოდა და წამოვიყვანე ჩვენთან“, – გვიამბო ია ნათენაძემ.

ნინო იაშვილი  90 წლის არის. მას ქრონიკული კოლიტი აქვს, ფეხებს ძლივს ამოძრავებს, ძალიან მაღალი წნევა აწუხებს, შეტევის დროს აგრესიული ხდება და კარგავს კონტროლს.

თავად იაც ავად არის. ის საჯარო სკოლაში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად. 2007 წელს მას უბედური შემთხვევა შეემთხვა –   სკოლის ერთ-ერთ ოთახში მას რკინის კონსტრუქცია დაეცა და ხერხემალი დაუზიანდა. მარჯვენა ხელი, ფაქტობრივად, პარალიზებული აქვს, უჭირს დგომა და სიარული, მხოლოდ ყავარჯნით დადის.

„ვცდილობ, არ მივაქციო ჩემს ტკივილებს ყურადღება და ღმერთს ვთხოვ, ჯერ არ წამიყვანოს, რადგან ჩემ  გარდა მოხუცებს ვერავინ მოუვლის, თუმცა, გამოგიტყდებით – ძალიან მიჭირს მათი მოვლა“, – ამბობს ია ნათენაძე.

სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს საყოფაცხოვრებო პირობები, რომელშიც ამ სამ ქალბატონს ცხოვრება უწევს – სველი წერტილები, მათ შორის: ტუალეტი, სააბაზანო, სამზარეულო –  გამოსაყენებლად უვარგისია.

„პენსია იხარჯება საკვებსა და წამლებზე. ფულის უქონლობის გამო, სანტექნიკას ვერ ვცვლი. ძალიან ვწვალობთ, დამაქვს წყალი ბოთლებით“, – გაგვიზიარა ია ნათენაძემ.

“მეგობრებო, მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ ამ ადამიანების ტკივილი, არ ვაგრძნობინოთ მათ, რომ ისინი მარტო არიან და ჩვენ ისინი არ გვადარდებს! თანხა შეგიძლიათ, “ჩერნოვეცკის ფონდის” ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნათენაძეების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც“, – აცხადებენ ფონდში.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები