იტალიაში გიორგი ლობჟანიძესთან შეხვედრა და პოეზიის საღამო გაიმართება
14 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს საელჩოს ინიციატივით, გაიმართება შეხვედრა პოეტ გიორგი ლობჟანიძესა და მთარგმნელ ნუნუ გელაძესთან.
შეხვედრა კულტურული ასოციაციების „სამშობლო გულით სატარებელისა“ და „რომის ქართული დიასპორის“ ორგანიზებით ჩატარდება.
იტალიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, გასულ წელს თბილისის ლიტერატურის საერთაშორისო და გენუის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილემ – პოეტმა, მთარგმნელმა, აღმოსავლეთმცოდნემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ლობჟანიძემ, კულტურის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნებისა“ და წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, „გამომცემლობა ჯულიანო ლადოლფის“ მიერ დასტამბული კრებულის „ 4+ 4= “ გამოსვლის შემდეგ, არაერთი ფესტივალის მოწვევა მიიღო.
12 ივლისს, რეჯო კალაბრიის ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალის Xenia Book Fair -ის მიწვევით, საპატიო სტუმრის რანგში გაიმართება მისი პოეზიის საღამო.
13 ივლისს კი, მას უმასპინძლებს ქალაქ პერუჯასთან, ტრაზიმენოს ტბის შუაგულში მდებარე კუნძულ პოლვეზეზე პოეზიის საერთაშორისო ფესტივალი – „პოეზია და ევროპა”.