როინ მეტრეველი – „ქართველ ერს საამაყო ისტორია აქვს და მისი გაყალბება არავის, რა რანგისაც უნდა იყოს იგი, არ ეპატიება“
9 ივლისს ეკატერინბურგში რუსეთის პრეზიდენტის წიაღსვლებს საქართველოს ისტორიაში „რეპორტიორი.ჯიზე“ გამოეხმაურა აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რომელსაც პორტალი „კვირაც“ უცვლელად გთავაზობთ:
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის, ევროსაბჭოს წევრია და იღვწის ევროკავშირში შესვლისათვის, მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას, ესაა: ქვეყნის ეკონომიკის დაწინაურება, კულტურული წინსვლა, ადამიანის უფლებათა განუხრელი დაცვა და სხვ. საქართველოს სწრაფვა დასავლეთისკენ (ევროპა, აშშ) თვალნათელია. საქმე გვაქვს საქართველოს ამ გზაზე სვლის შეფერხებასთან.
ასეთ დროს აუცილებლად საჭიროა წარსულზე ფიქრი. ისტორია ზუსტი მეცნიერებაა და ვერავის აპატიებს იგი სიყალბეს. სამწუხაროდ, ბოლო დროს ბევრს ვხვდებით ისტორიის გამყალბებლებს, რასაც ადამიანთა მოდგმის გზიდან აცდენა შეუძლია. ქართველ ერს საამაყო ისტორია აქვს და მისი გაყალბება არავის, რა რანგისაც არ უნდა იყოს იგი, არ ეპატიება.
გვინდა შევეხოთ 9 ივლისს ქ. ეკატერინბურგში რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ წიაღსვლებს საქართველოს ისტორიაში. სამწუხაროდ, მან არასწორად წარმოადგინა საქართველოს ისტორიის ცალკეული საკითხები, ურთიერთობები აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ანალოგიურ ფაქტებს ადრეც ჰქონდა ადგილი, რაზეც ჩვენ სათანადო რეაგირება გავაკეთეთ (იხ. რ. მეტრეველი, „აღუვსებელი საწყაული ანუ ამაოება ამაოებათა“, თბ., 2015).
აუცილებლად მიგვაჩნია, ამჯერადაც მივაწოდოთ საზოგადოებას რეალური ვითარება, მართებული ფაქტები საქართველოს ისტორიის იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელსაც ბატონი ვ. პუტინი შეეხო.
განსაკუთრებული საკითხია ე. წ. სამხრეთ ოსეთისა (სამაჩაბლო) და აფხაზეთის საკითხი რუსულ პოლიტიკაში. ამ ორი სეპარატისტული ერთეულის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ორგანიზაციამ (ევროკავშირი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნატო და სხვ.) და თითქმის ყველა სახელმწიფომ დაგმო. განსაკუთრებულად გაუმართლებელი არის საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია რუსეთის მიერ. უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპები – მოხდა ადამიანის უფლებების ხელყოფა, დაიღუპა დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობა, დაანგრიეს სახლები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს გაამართლოს თავისი საქციელი. საკუთარმა მოსახლეობამ ნაწილობრივ შესაძლოა კიდეც იწამა რუსეთის საქართველოში შეჭრის სამართლიანობა. ეს დიდი დამსახურებაა რუსული მასმედიისა, რომელიც ცალმხრივად აშუქებს მოვლენებს. ყალბდება ისტორია, რაშიც დიდი „ამაგი“ მიუძღვით, როგორც ზოგიერთ აფხაზ და ოს, ისე რუს ავტორებს.
რეალურად საქმე სხვაგვარადაა.
დავიწყოთ იქიდან, რომ ტერიტორიები, რომელიც ოსებსა და აფხაზებს უჭირავთ, ისტორიულად ქართულია. საქართველოს საზღვრების საკითხი საფუძვლიანად გამოიკვლია ივანე ჯავახიშვილმა (იხ. მისი, „საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული“, თბ., 1919). ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, აშკარად მტკიცდება, რომ შუა საუკუნეების საქართველოს სახელმწიფოს აღმოსავლეთის საზღვარი თეთრ წყლებზე ან ჩაღან უსუნზე გადიოდა (ჟამთააღმწერელი). უფრო ზუსტად ეს საზღვარი თეთრ წყლებსა და შამახიის მთის ძირას (თეთრი წყალი შამახიას მთის დასავლეთ ფერდობს ჩამოუდის) მდებარეობდა. საკუთრივ საქართველოს ეთნიკური საზღვარი კი, როგორც ივ. ჯავახიშვილი მიიჩნევს, უფრო დასავლეთით – გიშის წყალზე გადიოდა. დასავლეთი საზღვარი „ყოველი იმერი სამეფო“ იყო, ე. ი. მთელი დასავლეთი საქართველო სრულიად საქართველოს სახელმწიფო შემადგენლობაში შედიოდა. ასე რომ, სახელმწიფო საზღვარი დასავლეთით შავ ზღვამდე აღწევდა. სამხრეთით საზღვარი ქურდვაჭრის იქეთა (აღმოსავლეთი) მხარეა (ბასილი ეზოსმოძღვარი), რომელშიც იგულისხმება კაენისა (მდ. აღსტევის ხეობაში) და კაიწონის (მდ. ქურდვაჭრის – დებედის მარჯვენა მხარეს) ციხეები. უფრო ზუსტად, ესაა გარდაბანი, ე. ი. ტერიტორია, რომელიც ქურდვაჭრის (მდ. დებედა) ხევსა და მდ. აღსტევს შორის მდებარეობდა (ჟამთააღმწერელი). საქართველოს სახელმწიფოს აღმოსავლეთმდებარე საზღვრისპირა მხარედ წყაროები შამქორს ასახელებენ (ჟამთააღმწერელი). ესაა გელაქუნის ტბასა და მდინარე მტკვარს შორის მოქცეული ტერიტორია. ქვეყანას სამხრეთითვე ესაზღვრებოდა აირარატის პროვინცია, მდ. რახსი და ნახჭევანი („ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“). თამარისდროინდელი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი სპერია („ჯავახეთით სპერამდის“).
საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი კავკასიონის ქედის გასწვრივ ჩრდილო-დასავლეთით ნიკოფსიამდე მიდიოდა, ჩრდილო-აღმოსავლეთით შამახიის მთამდე ვრცელდებოდა („ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“). კავკასიონის მიღმა მდებარეობდა საქართველოს ყმადნაფიცი (ვასალური) ქვეყნები: ქაშაგეთი, ოვსეთი, დურძუკეთი, დიდოეთი, ღუნძეთი, ლეკეთი (ბასილი ეზოსმოძღვარი).
დავით IV აღმაშენებლის ტიტულატურაა – „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა“. აქ დიდი მეფის მფლობელობაში შემავალი ქვეყნებია დასახელებული. დავით აღმაშენებელი თავის ანდერძშიც ხაზგასმით მიანიშნებს, მისი „მოგებული“ მამული გადაჭიმულია „ნიკოფსიიდგან დარუბანდის ზღუდამდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“. დავით აღმაშენებლის ტიტულატურის ანალოგიურია მეფე თამარის ტიტულატურაც. აქაც რეალურადაა ასახული საქართველოს პოლიტიკური სიძლიერე და გეოგრაფიული სიდიდე.
იქნებ არც იყო საჭირო დეტალურად საქართველოს ისტორიული საზღვრების შესახებ ვრცელი საუბარი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ისტორიის გაყალბების ყოველგვარი მცდელობა მტრულად განწყობილი პირებისა, უსუსურია და სინამდვილეს არ შეეფერება. ეს კარგად უნდა იცოდნენ თვით აფხაზმა და ოსმა მეცნიერებმაც.
აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებელი დიმიტრი გულია საგანგებოდ აღნიშნავდა: „Абхазия которая всегда была неотьемлемой частью Грузии, жила с нею на протяжении всей истории одной жизнью, органически участвовала в созидании грузинской культуры и государственности и играла существенную роль в борьбе за свободу и независимость страны, в борьбе за объединение отдельных грузинских племен и областей в единое мощное национальное грузинское государство“ (Д. Гулия, О моей книге „История Абхазии“).
გარკვეული ხნის წინ მედიამ გვაუწყა, რომ ყარაბახში (სტეფანაკერტი) ჩასულმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთმა ლიდერმა თანაგრძნობა გამოუცხადა სომხეთის პარლამენტის სპიკერს გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებით; თანაც დასძინა, რომ გენოციდი ოსებმაც იწვნიეს ქართველებისგანო. ასეა, ამგვარი სიცრუით ფერავენ ძირძველი ქართული კუთხის ოსურ მოსახლეობას. არაფერს დაგიდებენ და საზღვარგარეთაც ხმამაღლა აცხადებენ თავიანთი „გაწამებული“ ცხოვრების შესახებ.
სიმართლე? სიმართლე სხვაა.
სადავო არ არის, რომ ოსები ჩრდილო კავკასიაში (ახლანდელი ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე) გარკვეული საუკუნეების წინ დასახლდნენ სკვითურ-სარმატულ ტომებთან ერთად (ნიშანდობლივია, რომ ოსური ენა განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ ენათა ჩრდილო აღმოსავლურ ჯგუფს). X-XII საუკუნეებში ოსეთის სამეფოს ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთანაც (XI-XII სს-ში ოსეთი საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა იყო). თემურ-ლენგის შემოსევებმა ოსების გაერთიანებას ბოლო მოუღო და ისინი გაიფანტნენ სხვადასხვა მხარეს (უნგრეთში, ბალკანეთის ქვეყნებში და სხვ.). ოსების ერთი ნაწილი შეეცადა ქართლში გადმოსვლას და დამკვიდრებას, მაგრამ ქართველ ფეოდალთა წინააღმდეგობის გამო ეს ვერ მოხერხდა და იძულებულნი გახდნენ, უკან გაბრუნებულიყვნენ. XVII-XVIII სს-ში ოსები საქართველოს მთისწინა და ბარის ზოლში (ქართლის ჩრდილო განაპირა ტერიტორიაზე) ჩამოდიან და სახლდებიან. მცირე ნაწილი (კუდაროს ოსები) იმერეთის სამეფოში ჩასახლდა.
ქართლში დამკვიდრებული ოსები არაგვისა და ქსნის ერისთავებისა და მაჩაბლების სამფლობელოში მოხვდნენ. ისინი ფეოდალებს ქართველი ყმა-გლეხების მსგავსად ემსახურებოდნენ. ნიშანდობლივია, რომ ოსები ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ მომხდური მტრის წინააღმდეგ. შემონახულია ცნობები, რომ ოს ყმა-გლეხებს ყურადღებით ეკიდებოდა ერეკლე II. იგი საგანგებოდ სწერდა ზაზა მაჩაბელს, რომ მის მსახურებაში მყოფი თორმეტი ოსისათვის დროულად მიეწოდებინა საკვები და კეთილად მოჰკიდებოდა მათ.
გაკვირვება გამოიწვია რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის CNN-ისადმი მიცემულ ინტერვიუში გამოთქმულმა კატეგორიულმა განცხადებამ, რომ რუსეთის შემადგენლობაში არსებობდა ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი (ერთიანი ოსეთი), რომ ი. სტალინმა ოსეთი გაყო და სამხრეთი ოსეთი საქართველოს გადასცა, სადაც ავტონომიური ოლქი შეიქმნა; რომ ი. სტალინისავე ძალისხმევით აფხაზეთის ტერიტორია საქართველოს გადაეცა: აქ შეიქმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ჩვენ ვერ მოვთხოვთ ბატონ ვ. პუტინს (მან ეს მოსაზრებები გაიმეორა ქ. ეკატერინბურგში მიცემულ ინტერვიუში, 9 ივლისს) კავკასიის ისტორიის უზადო ცოდნას, მაგრამ ისინი კი, ვინც მას ამგვარი ინფორმაცია მიაწოდა, შორს არიან ჭეშმარიტებისაგან. როცა სახელმწიფოს მეთაური ამგვარ განცხადებებს აკეთებს, მას მეტი დაფიქრება სჭირდება; არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ფაქტების გადამოწმებაა საჭირო. სამწუხაროდ, ბოლო პერიოში რუსეთ-ოსეთის ისტორიის ბევრი ფაქტის გაყალბება ხდება (იხ. ან. თოთაძე, „ოსები საქართველოში: მითი და რეალობა“, თბ., 2006 წ.).
საკმარისია გავეცნოთ ოსი ისტორიკოსის პროფესორ გ. თოგოშვილის გამოკვლევებს, მის სტატიებს ქართულ ენციკლოპედიაში, განსაკუთრებით სპეციალურ ტომში „საქართველოს სსრ“. თავი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, სამხრეთი ოსეთი“ (1981 წ., გვ. 337-339), რომ რეალურად წარმოვიდგინოთ სამხრეთ ოსეთის ისტორია. ამ თვალთახედვით საინტერესოა, ვ.აბაევის, ბ. ფლიევის, ო. თედეევას, ზ. გაგლოითის, პ. დოგუზოვისა და სხვ. ნაშრომები. აი, რას წერს ოსური მეცნიერების პატრიარქი ვასილ აბაევი: „Главный Кавказский хребет – естественная граница между Грузией и Осетией, а всякая попытка размыть эту границу повлечет за собой состояние перманентного конфликта между грузинами и осетинами… надо прежде всего покончить с разговорами об отторжении Южной Осетии от Грузии. Ни одно грузинское правительство с этим никогда не согласится и будет право, потому что это будет означать нарушение территориальной целостности Грузии.
Кто хочет мира между южными осетинами и грузинами, должен навсегда отвергнуть идею присоединения Южной Осетии к Северной. Кто хочет мира между Грузией и Россией, также должен оставить эту идею. Такова реальность“ („Независимая газета“, 1992 г., 22. I., № 13). აი, ჭეშმარიტი ოსი პატრიოტის, დიდი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მოსაზრება. კომენტარი ზედმეტად მიმაჩნია. სამწუხაროა, რომ ამგვარი სიბრძნე არც ოსმა და არც რუსმა ფუნქციონერებმა არ გაითვალისწინეს.
ბოლო პერიოდში რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება აბსურდული მტკიცება – თითქოს 1774 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დადებული ქუჩუკ-კაინარჯის ზავით, რუსეთს შეუერთდა არა ისტორიული ოსეთის ერთი ნაწილი, არამედ მთელი ოსეთი. აქ შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილსაც გულისხმობენ, სადაც შემდგომში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა.
2004 წლის 10 ივლისს რუსეთის დუმამ უპასუხისმგებლო, შეიძლება ითქვას, აბსურდული განცხადება გააკეთა, თითქოს 1774 წელს ოსეთი ნებაყოფლობით შეუერთდა რუსეთს. აქედან გამომდინარე საჭიროდ ჩაითვალა, რომ რუსეთმა დაიცვას ოსი მოქალაქეების უფლებები. აქ საქმე გვაქვს ისტორიის ელემენტარულ უცოდინარობასთან. აღვნიშნოთ, რომ იმ დროს გეოგრაფიული ცნება „ოსეთი“ არ არსებობდა. ცხადია, არც ასეთი სახელმწიფო არსებობდა. თვით ოსებსაც, რომლებიც ქართლის მთიანეთში ცხოვრობდნენ, თავი ხიზნებად მიაჩნდათ. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან რუსი ჩინოვნიკები ცდილობენ დაამკვიდრონ ხელოვნური ტერმინები „ჩრდილოეთი ოსეთი“ და „სამხრეთი ოსეთი“. XIX საუკუნემდე კი არავითარი საბუთი არ მოიპოვება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ შიდა ქართლის მთიანეთი ოსეთად იწოდებოდა. რეალურად 1774 წელს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა ჩრდილო კავკასიის სამი ხეობის – ალაგირის, ქურთათის და თაგაურის ოსური თემები. მეოთხე თემი – დიგორი ყაბარდოს გამგებლობაში იყო და რუსეთს 1781 წ. შეუერთდა. რაც შეეხება შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილს, სადაც შემდგომში ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა, ჯერ ერთიანი საქართველოს, შემდეგ ქართლისა და ბოლოს ქართლ-კახეთის სამეფოში შედიოდა განუყოფლად. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატზე თანდართული მასალები საშუალებას გვაძლევს დაბეჯითებით ვთქვათ, რომ შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი და მისი უკიდურესი ჩრდილოეთი პროვინცია დვალეთი ქართლ-კახეთის შემადგენლობაში შედიოდა (ერთხანს (XVII საუკუნე) გიორგი სააკაძე იყო დვალეთის მოურავი). რუსეთის მიერ საქართველოს ანექსირების (1801 წ.) შემდეგ შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი დვალეთითურთ ერთხანს იმერეთის გუბერნიაში შედიოდა, შემდეგ თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში. 1858 წ. კავკასიის მეფისნაცვლის ალექსანდრე ბარიატინსკის განკარგულებით დვალეთი „კავკასიის ლინიის“ ოსეთის ოკრუგს გადასცეს. ამგვარად, ჩრდილოეთ ოსეთს მიურეთეს მხოლოდ დვალეთი და არა შიდა ქართლის ის მიწა, სადაც შემდგომში ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ჩამოყალიბდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის (1918 წ.) შემდეგ (ოქტომბრის რევოლუციამ რუსეთის იმპერიაც დაანგრია) დვალეთი კვლავ საქართველოში შემოვიდა. 1920 წლის 7 მაისის რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა საქართველო-რუსეთის საზღვარი – იგი კავკასიის მთავარ ქედზე გადიოდა. ამდენად სრულიად ცხადია, რომ შიდა ქართლის უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი – დვალეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო.
რუსეთს მიზნად ჰქონდა დასახული შიდა ქართლის შეერთება და ყოველგვარად ცდილობდა ოსებსა და ქართველებს შორის კონფლიქტური სიტუაციის შექმნას. საბჭოთა რუსეთმა ოსეთში და შიდა ქართლში შეიარაღებული აჯანყებების ინსპირირება მოახერხა. მათი მიზანი იყო „სამხრეთ ოსეთში“ საბჭოთა ხელისუფლების დამყარება, მისი საქართველოსგან ჩამოცილება და რუსეთისთვის მიერთება. შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასაც ჩაიგდებდნენ ხელთ. 1920 წელს საბჭოთა რუსეთმა და ბოლშევიკებმა აჯანყებულ ოსებს ყოველმხრივ შეუწყვეს ხელი ე. წ. სამხრეთ ოსეთში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებას და ეს ტერიტორია საბჭოთა რუსეთის ნაწილად გამოაცხადეს. ეს აქტი ყველა ნორმის დარღვევით გატარდა: დაირღვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, იგნორირებულ იქნა ქართველი მოსახლეობის აზრი და ნება. რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) კავკასიის სამხარეო კომიტეტის 1920 წლის 23 მარტის დადგენილებაში ვკითხულობთ: „I. Организовать ревком в Южной Осетии… 2. объявить Советскую власть… 3. Немедленно сформиловать вооруженный отряд. 4. Войти в связь с северной Осетией… в распоряжении Ревкома отпустить 100 тысяч рублей (сто тысяч рублей). არის ასეთი მიმართვაც: `Москва, ЦК РКП(Б), товарищу Ленину и Чичерину. Согласно приказу Кавказского Краевого комитета от 23 марта, подтвержденному особыми Курьерами того же Комитета… 8 июня в Южной Осетии провозглашена Советская власть“. არსებობს სხვა მასალები, საიდანაც თვალნათლივ ჩანს, თუ ვისი კარნახით გააჩაღეს ოსებმა ძმათამკვლელი ბრძოლა. ამდენად საქართველოს ე. წ. „ნაციონალ-შოვინისტური“ მთავრობის დადანაშაულება ოსი ხალხის „გენოციდში“, რბილად რომ ვთქვათ, უზნეობაა.
ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა საბჭოთა რუსეთისა და ბოლშევიკური პარტიის მზაკვრული გეგმა – 1921 წლის თებერვალში საქართველო გასაბჭოვდა. რაც ფაქტობრივად ანექსიის (უკვე მეორედ) ტოლფასი იყო. ამით საბჭოთა რუსეთმა დაარღვია 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება. ნიშანდობლივია, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთს ბოლშევიკებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური ოლქის სტატუსი მისცეს (1922 წ. აპრილი). რაც შეეხება ოსების ისტორიულ სამშობლოს – ჩრდილოეთ ოსეთს, მას ორი წლის შემდეგ (1924 წლის ივლისი) მისცეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი და იგი რუსეთის შემადგენლობაში დარჩა. ე. წ. სამხრეთ ოსეთში შევიდა მეტ-ნაკლებად ოსური მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებული რაიონები და ხელოვნურად მიმატებული ქართული ქალაქი ცხინვალი (1900 წლის „Кавказский календарь“-ის მიხედვით XX საუკუნის დადგომისას ცხინვალში ცხოვრობდნენ, ქართველები, ქართველი ებრაელები და სომხები) და მის ირგვლივ მყოფი რამდენიმე ქართული სოფელი. ეს გარკვეული ძალადობით მოხდა და ქართველი მოსახლეობის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია (მასალები იხ. წიგნში: „ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან“, თბ., 1991, გვ. 56-73). ავტონომიური ოლქის შექმნამ იმ რეგიონის ქართული მოსახლეობა საკუთარ სამშობლოში ეროვნულ უმცირესობად აქცია, რაც თავის მხრივ ადამიანის და ერის უფლებათა და თავისუფლებათა უხეში დარღვევა იყო.
აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ოსებს საქართველოს შემადგენლობაში ეროვნული კულტურისა და ეკონომიკის განვითარების ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი. საბჭოთა კავშირის დაშლის წინ 1990-91 წლებში საქართველოში 100 ზოგადსაგანმანათლებლო ოსური სკოლა იყო, აქედან 90 ე. წ. სამხრეთ ოსეთში იყო. აქ სწავლა ოსურ ენაზე მიმდინარეობდა. დამოუკიდებელ საგნებად გადაიცემოდა ოსური ენა და ოსური ლიტერატურა. ცხინვალში ფუნქციონირებდა პედაგოგიური ინსტიტუტი, მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, სამედიცინო, მუსიკალური, სამხატვრო სასწავლებლები; პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები და სხვ. 1979 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ე. წ. სამხრეთი ოსეთი უმაღლესგანათლება მიღებულთა რაოდენობით ყოველ ათას სულ მოსახლეზე საბჭოთა კავშირში მეორე ადგილზე იყო. 1927 წელს შეიქმნა მხარეთმცოდნეობის ინსტიტუტი, რომელიც შემდგომში გარდაიქმნა სამხრეთ ოსეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტად (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში). ცხინვალში მომზადდა და გამოიცა ოსეთის ისტორიის (დოკუმენტები და მასალები) მრავალტომეული, „სამხრეთ ოსეთის ისტორიის“ ორტომეული, „ოსური ენის განმარტებითი ლექსიკონი“ ოთხ ტომად, „ოსური ლიტერატურის ისტორიის“ მრავალტომეული, ოსური ზღაპრების სამტომეული, ოსური სიმღერების კრებული (ნოტებითურთ). აქ ფუნქციონირებდა სახელმწიფო ეროვნული თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სამხატვრო გალერეია, საჯარო ბიბლიოთეკა; მწერალთა, მხატვართა, კომპოზიტორთა კავშირები, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოება, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ეროვნული ანსამბლი. მშობლიურ ენაზე მიმდინარეობდა რადიომაუწყებლობა. გამოიცემოდა გაზეთები, ჟურნალები, მხატვრული ლიტერატურა. 1988 წელს ავტონომიურ ოლქში ჩრდილო ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან შედარებით ყოველ 10 ათას ოსი ეროვნების მოსახლეზე 5-ჯერ მეტი წიგნი გამოიცა, 3-ჯერ მეტი ტირაჟით. როგორც ვხედავთ, ოსებს საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი ყველანაირ საშუალებას აძლევდა ეროვნულ-კულტურული, სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისათვის.
რაც შეეხება რუსეთის შემადგენლობაში მყოფ ჩრდილო ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას, იქ ვითარების დასახასიათებლად მოვიტანთ მცირე ამონარიდს ჩრდილო ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ა. გალაზოვის პუბლიკაციიდან: „Мне всегда искренне жаль молодых людей моей национальности, когда, несмотря на знание иностранных языков и мировой цивилизации, они чувствуют себя неуютно дома в силу незнания элементарных основ осетинской культуры… Национальную молодежь, к примеру, лишили ее родного языка. До прошлого года в Северной Осетии фактически не было ни одной школы с осетинским языком обучения“ (გაზ. „Правда“, 1989, 11–XI). აქ ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია.
მას შემდეგ, რაც საქართველო გასაბჭოვდა (1921 წ.), აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო და აქვე დარჩა. ასე რომ, ამ ტერიტორიის ვინმესგან (რუსეთისა თუ ი. სტალინისგან) გადმოცემის საჭიროება არ არსებობდა. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებდა.
თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია, მიუხედავად ყბადაღებული დაუსაბუთებელი მტკიცებებისა (რასაც რუსი ფუნქციონირები ეწაფებიან) ისტორიულად ყოველთვის იყო საერთო ქართული ეთნოკულტურული და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სივრცის ორგანული ნაწილი (იხ. З. Папаскири, „О социально-государственном облике Абхазии/Грузия“, თბ., 2003). 1918 წლის 11 ივნისს აფხაზეთის სახალხო საბჭოსა და საქართველოს დემოგრაფიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც აფხაზეთი გაერთიანდა დანარჩენ საქართველოსთან ავტონომიის უფლებით. ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა აფხაზეთის ახლად არჩეულმა სახალხო საბჭომ 1919 წლის 20 მარტს. 1920 წლის 16 ოქტომბერს მიღებულ იქნა აფხაზეთის ატვონომიის კონსტიტუცია, რომელმაც ხაზგასმით დააკანონა აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში. ეს დებულება თავის მხრივ გაამაგრა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ, რომელიც საქართველოს დაფუძნებელმა კრებამ მიიღო 1921 წლის 21 თებერვალს. საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობის და საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წლის 16 დეკემბერს განსაკუთრებული „სამოკავშირეო ხელშეკრულებით“ აფხაზეთი შევიდა საქართველოს შემადგენლობაში ე. წ. „სახელშეკრულებო რესპუბლიკად“, თუმცა რეალურად იმთავითვე განიხილებოდა, როგორც საქართველოს ავტონომიური ერთეული. 1931 წელს აფხაზეთი გარდაიქმნა ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად (ასსრ) საქართველოს შემადგენლობაში.
გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან აფხაზეთში დაიწყო სეპარატისტული მოძრაობა, რომელსაც საბჭოთა ხელმძღვანელებიც ახალისებდნენ. ეს მოძრაობა განსაკუთრებით გამძაფრდა 80-90-იან წლებში, როცა სეპარატისტებმა ძმათამკვლელი კონფლიქტის ინსპირირება შესძლეს. 1993 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციის რეგულარული სამხედრო დანაყოფების მხარდაჭერით საქართველოსთან შეიარაღებული დაპირისპირებისას „გამარჯვება“ მოიპოვეს. ბოლო 20-25 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს, ისინი ფაქტობრივად გასული იყვნენ საქართველოს იურისდიქციიდან.
სწორედ უკანასკნელი წლების მოვლენები გვიჩვენებენ, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, კერძოდ საქართველოში, ხელოვნურად შექმნას მუდმივი საომარი რეჟიმი. რუსეთის პრობლემა ისაა, რომ მას აღარა აქვს უფლება იყოს დომინანტი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე. მისთვის ძნელია დაიჯეროს, რომ ეს რესპუბლიკები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. დღეს პოლიტოლოგები საყოველთაოდ აღიარებენ, რომ რუსულ ელიტას სხვებზე დომინირების, ერთხელისუფლებიანობის ინსტიქტი ამოძრავებს. ისინი ცხოვრებას განიხილავენ იმ ადამიანის პოზიციიდან, რომელსაც სხვისი დაჩაგვრა შეუძლია. რაც შეეხება კავკასიას, მისი ტრადიციები და კულტურა თავისუფლების სიყვარულითაა გაჯერებული. ჯერ იყო და, რუსეთის არმიის შენართები უშუალოდ მონაწილეობდნენ საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთის კონფლიქტისას. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ეს თავად აღიარა საქართველოში ვიზიტის დროს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას.
რუსეთის სწრაფვა საქართველოში დამსჯელი ექსპედიციის მოვლენისა და ქვეყანაზე გავლენის გავრცელების სურვილი აშკარად გამოჩდა ზემოხსენებული 2004 წლის 10 ივლისის რუსეთის დუმის განცხადებაში, სადაც თითქოს რუსი მოქალაქეების დაცვის მიზნით, საქართველოს „დასჯით“ დაემუქრნენ. თვით რუსი პოლიტოლოგი-ანალიტიკოსები დარწმუნებული იყვნენ, რომ რუსეთი არ წავიდოდა ჩეჩნეთში ომის ესკალაციასა და საქართველოში სამბრძოლო მოქმედების გადატანაზე. არ გამართლდა ექსპერტთა მოლოდინი. ჩეჩნეთში სისხლისმღვრელი ომი გააჩაღა რუსეთმა. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს ომი აუცილებელი იყო მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმერ პუტინისათვის, რომლის რეიტინგი 2 პროცენტს უდრიდა. გასამარჯვებლად რაღაც უნდა გაკეთებულიყო. მიზანში ჩეჩნეთი იქნა ამოღებული. რუსულ ელიტას მუდამ სჭირდება საგარეო საფრთხის შექმნა, რათა რუსმა ადამიანმა არც ისე ხშირად იფიქროს ამ ელიტის კორუმპირებულობაზე და ქვეყანაში დემოკრატიული წყობის შექმნაზე (დეივიდ სატერი – აშშ-ის ჰუვერისა და ჰადსონის ინსტიტუტების მეცნიერი-მკვლევარი).
ომისაკენ სწრაფვას განსაკუთრებით გამოხატავდა რუსეთის პრეზიდენტის 2002 წლის 11 სექტემბრის განცხადება, რომლის ძირითადი მომენტი იყო თეზისი, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დააპირებს „игнорировать резолюции ООН и не положат конец бандитским вылазкам с територии Панкиского ущелья“, რუსეთი ჩათვლიდა თავს უფლებამოსილად თავი იარაღით დაიცვას, ე. ი. მიმართოს შეიარაღებულ იძულებით ზომებს. გაუთვითცნობიერებელ პიროვნებას, ვინც ამ განცხადებას გაეცნობა, ჩეჩნეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილი ეგონება, საიდანაც ხდება მეზობელ რუსეთზე „бандитские вылазки“.
რას ნიშნავს „самооборона“ საერთაშორისო სამართალშიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოებს აქვთ უფლება ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვისა (самооборона). ამასთანავე მკაცრად გასათვალისწინებელია, რომ შეიარაღებული ძალის გამოყენება თავდაცვისათვის მართებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ესაა ერთი სახელმწიფოს აგრესიაზე საპასუხო მოქმედება მეორე სახელმწიფოსი, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით. ყოველი შემთხვევისათვის ასეთი აგრესორი არ შეიძლება საქართველო ყოფილიყო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ „წონით კატეგორიებში“ ასტრონომიული სხვაობაა რუსეთის სასარგებლოდ. რაც შეეხება ჩეჩნეთს, ესაა ერთ-ერთი ეროვნული რესპუბლიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შედის და რომლის ხალხიც უთანასწორო ბრძოლაში იცავდა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ასეთ შემთხვევაში, ცხადია, გაეროს წესდების 51-ე მუხლის გამოყენებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
ჩეჩნეთის სამხედრო კომპანიის საქართველოზე გავრცელება, როგორც ჩანს, რუსეთის უმაღლესი გენერალიტეტის მიზანს შეადგენდა. მიზანი კი საქართველოს ქალაქებისა და სოფლების დაკავება და მოსახლეობის გაძარცვა იყო. დავუშვათ, რომ პანკისის ხეობიდან მართლაც გადადიოდნენ რუსეთში თუნდაც ბანდიტები. ვთქვათ, ისინი წინააღმდეგობის გარეშე ჰკვეთდნენ საქართველოს საზღვარს, მაგრამ როგორ გადადიოდნენ რუსეთში, იქ ხომ რუსეთის მესაზღვრეები იდგნენ. როგორ ჰკვეთდნენ საზღვარს რუსეთისათვის არასასურველი პირები? აქ ხომ არ ვეძებოთ დამნაშავეები.
ვლადიმერ პუტინის 2002 წლის 11 სექტემბრის განცხადება საერთაშორისო ექსპერტების განხილვის საგანი გახდა. ნიშანდობლივია აშშ-ის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის ბერლინში დ. ევანსის განცხადება: „ვაშინგტონში თვლიან, რომ პუტინი თავის გენერლებს მთლად ვერ აკონტროლებს. სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთის პრეზიდენტის მრისხანე განცხადება საქართველოს შესახებ – ამ სისუსტის კიდევ ერთი გამოვლინებაა“.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის განცხადება ფაქტობრივად ულტიმატუმი იყო (დაწვრილებითი შეფასება იხ. Л. Матарадзе, „О силе возомнившей себя добродетелью и притязающий на вседозволенность“, „Свободная Грузия“ 2002 г., 31. X). ეს იყო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ძალის გამოყენების მუქარა. ამგვარი მუქარა კი აგრესიის ქრესტომატიული ნიმუშია (აგრესია მხოლოდ ძალის გამოყენება კი არა, არამედ მუქარაცაა ამ ძალის გამოყენების შესახებ). პრეზიდენტის განცხადებას დასავლეთის პრესის დაუფარავი კრიტიკა მოჰყვა და არა მხოლოდ დასავლეთისა. რუსეთის საერთო ეროვნულმა კომიტეტმა „ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ომის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარებისათვის“ გამოაქვეყნა თავისი მიმართვა: „Любая попытка вторжения в Грузию станет აбсолютной катастрофой для России… Удар по Грузии станет тягчайшим преступлением против российской истории и государственности. Это будет удар в сердце самой России, страшные последствия которого придется искупать еще многим поколениям“.
სხვადასხვა ფაქტორების გამო საქართველოს „დასჯის“ მისია გადაიდო. მაგრამ არც ისე დიდი ხნით. დროის მსველობა და ვითარება აჩვენებდა, რომ რუსეთი პატივს არ სცემდა საქართველოს დამოუკიდებლობას, მის (ისე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების) სუვერენტიტეტს. იგი კვლავ ფიქრობს, რომ ყველაფერი კრემლმა უნდა გადაწყვიტოს და მზადაა მკაცრად დასაჯოს, ვინც ევროკავშირის ან ნატოსკენ გაიხედავს, ამის ნათელი მაგალითია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან უკანასკნელ ხანს დადებული საგანგებო ხელშეკრულებები. ასეთია რუსული რეჟიმის ხასიათი. როცა ასეთი ხელისუფლება კარგად შეიარაღებული და სამხედრო მზადყოფნაშია, მისი ფუნდამენტალისტური მენტალიტეტიდან გამომდინარე, საშიში ფაქტორია. თანაც ტრადიციული დიდმპყრობელური ფსიქოლოგია ზნეობრივი ნიადაგისგან შორსაა.
ნიშანდობლივია, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტის დ. მედვედევის ბრძანებით შემოვიდა რუსეთის ჯარი საქართველოში და ხალხის ხოცვა-ჟლეტა და ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. ამას ხაზი გაუსვა თვით ვ. პუტინმაც – აგვისტოს ომისდროინდელ პირველივე ინტერვიუში ხმამაღლა მიუთითა მემკვიდრეზე – ომი პრეზიდენტ დ. მედვედევის ბრძანებით დაიწყოო. შედეგი? შედეგი კატასტროფულია. ამაზე ალბათ ბევრი დაიწერება. დღეს ერთი რამის თქმა ღიად შეიძლება – ეს იყო რუსეთის მიერ წინაწარ გათვლილი და კარგად დაგეგმილი ოპერაცია. საქართველო მკაცრად „დაისაჯა“.
რუსეთის მმართველი ელიტის აზრი საკმაოდ გულწრფელად გადმოსცა დუმის დეპუტატმა სერგეი მარკოვმა. საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ კორესპონდენტის კითხვაზე, თუ როდის დამთავრდება ომი კავკასიაში, ს. მარკოვმა უპასუხა: „კავკასიაში ომები დამთავრდება მხოლოდ მის შემდეგ, რაც ამ რეგიონში რუსეთის სრული და განუყოფელი დომინირება დამყარდება“ (იხ.„საქართველოს რესპუბლიკა“, 2008 წ., 9/IX). ვფიქრობთ, ყველაფერი ნათელია.
„მაინც რა არის ჩვენი ყოფა-წუთისოფელი“ – გენიალური ნიკოლოზ ბარათაშვილის ეს სტრიქონი მარადიული შეკითხვის ბადალია. დღეს, როცა მომხდური მტრისგან დანგრეულ და გადამწვარ სოფლებს ვუყურებთ, როცა ჩვენს თვალწინ ათასობით საკუთარი საცხოვრისიდან აყრილ და საკუთარ სამშობლოში ლტოლვილად ქცეულ ათასობით ადამიანს ვხედავთ, როცა ტკივილებთან ერთად დამარცხებით გამოწვეულ შეურაცხყოფის გრძნობა არ გვტოვებს, ადამიანი მტკიცედ რწმუნდება ამაოების ბიბლიური განსაზღვრის ჭეშმარიტებაში.
გვიხდება კონსტატირება სამწუხარო ფაქტის, რომ XXI საუკუნეში, ამ ე. წ. იმედის საუკუნეში, ადამიანი ისეთივე ხარბია და ბოროტი, როგორიც წინა საუკუნეებში იყო. ძალმომრეობას კვლავ ფართო გზა აქვს. ცხოვრებაც „აღუვსებელ საწყაულად“ დარჩა და იმავ მიწისთვის ბრძოლა, „რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან“ გააფთრებით მიმდინარეობს.
დასკვნა ერთია – ქართველ ხალხს დიდი ისტორია აქვს და იგი, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, დაიცავს მას. ყველამ უნდა იცოდეს, ყველამ – ზოგადად ისტორიისა, და კერძოდ, საქართველოს ისტორიის გაყალბება, დანაშაულია.
წყარო: Reportiori.ge